ახალი ამბებისამართალი

ბაგებში სროლის საქმეზე პროკურატურამ ბრალი ორ პირს წაუყენა

6 ივნისი, 2020 • 2644
ბაგებში სროლის საქმეზე პროკურატურამ ბრალი ორ პირს წაუყენა

თბილისში 3 ივნისს მომხდარი ინციდენტის საქმეზე პროკურატურამ ბრალი ორ პირს წარუდგინა. შემთხვევა ბაგებში მოხდა. 

პროკურატურა მათ ორი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებასა და ჯგუფურად ძალადობაში ადანაშაულებს. 

“მ.გ.-ს ბრალდება 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ხოლო მ.ხ.-ს ჯგუფურად განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე  126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის  ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარედგინა”, – აცხადებს პროკურატურა. 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დგინდება, რომ 2020 წლის 3 ივნისს,  ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. N83-ის მიმდებარე ტერიტორიაზე,  მ.ხ.-მ ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ვ.კ.-ს ჯგუფურად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მ.გ.-მ კი დანით გ.წ.-ს სახისა და ფეხის არეში, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღით ი.პ.-ს ფეხის არეში ჭრილობები მიაყენა.

გამოძიების პროცესში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღები – დანა და  ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიეკუთვნება. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით”, – აცხადებს პროკურატურა 6 ივნისს გავრცელებულ პრეს რელიზში. 

პროკურატურა  ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს. 

ბაგებში სროლა იყო, არიან დაჭრილები

მასალების გადაბეჭდვის წესი