აშშ გერმანიაში დისლოცირებულ 9500 ჯარისკაცს გამოიყვანს და ამგვარად, ქვეყანაში ამერიკელი სამხედროების რაოდენობა 34,500-მდე შემცირდება. ინფორმაციას ამის შესახებ Fox News ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, ამერიკელი სამხედროები გერმანიას სექტემბერში დატოვებენ.
Bloomberg-ის ცნობით, ტრამპმა გადაწყვეტილების შესახებ გერმანელი კოლეგა, ანგელა მერკელი არ გააფრთხილა.
Fox News, ადმინისტრაციაში თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ეს გადაწყვეტილება სექტემბრიდან განიხილებოდა და არ უკავშირდება ანგელა მერკელის უარს, ვაშინგტონში G7-ის სამიტზე ჩავიდეს ივნისის ბოლოს.
თუმცა, მისივე თქმით, ტრამპის ადმინისტრაციაში უკმაყოფილოები არიან გერმანიის პოლიტიკით, განსაკუთრებით ოფიციალური ბერლინის მიერ სამხედრო ხარჯების დაფინანსებით დონითა და გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ (რომლითაც რუსეთი ბუნებრივ აირს ბალტიის ზღვის გავლით პირდაპირ გერმანიას მიაწვდის) კონსტრუქციის დასრულების სურვილით.