ახალი ამბები

პლაქვენილი ქართულ პროტოკოლშიც ბრუნდება

5 ივნისი, 2020 • 1009
პლაქვენილი ქართულ პროტოკოლშიც ბრუნდება

COVID-19-ის დროს პლაქვენილის გამოყენებას საქართველოც გააგრძელებს. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ დაუდასტურა.

ცერცვაძის თქმით, ვინაიდან ე.წ. “სოლიდარობის კველვა” საქართველოში ჯერ არ დაწყებულა, ამ ეტაპზე პრეპარატს კვლევის მიღმა დაუნიშნავენ იმ პაციენტებს, რომლებსაც ის სჭირდებათ. მას შემდეგ კი, რაც კვლევა დაიწყება, პლაქვენილის გამოყენება მის ფარგლებში მოხდება და კვლევის მიღმა პაციენტებისთვის დანიშვნის საჭიროება არ იქნება, ვინაიდან ყველა პირი, რომელსაც ამ ტიპის მკურნალობა დასჭირდება, აღნიშნულ კვლევაში ჩაერთვება.

“სოლიდარობის კვლევა” WHO-ს ინიციატივით 35 ქვეყნის 400-მდე საავადმყოფოში ტარდება. კვლევის მიზანია გამოკვეთოს, ამჟამად რომელია ეფექტური კორონავირუსის წინააღმდეგ გამოყენებული პრეპარატებიდან. კვლევაში მონაწილეობს გილეადის მიერ წარმოებული რემდესივირიც.

პლაქვენილის გამოყენება საქართველომ მას შემდეგ შეაჩერა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ “სოლიდარობის კვლევაში” მისი გამოყენება ჟურნალ “ლანცეტში” გამოვეყნებული სტატიის შემდეგ შეაჩერა.

თუმცა მოგვიანებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, ჰიდროქსიქლოროქვინი (იგივე პლაქვენილი) სოლიდარობის კვლევაში დააბრუნოს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა 3 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, უსაფრთხოების კომიტეტმა გასცა რეკომენდაცია, რომ კვლევის პროტოკოლის შეცვლის აუცილებლობა არ დგას.

ამასთან, სტატია, რომლის გამოც პრეპარატის კვლევაში გამოყენება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, სამედიცინო ჟურნალმა “ლანცეტმაც” გაიხმო.

სტატიის ერთ-ერთმა მთავარმა ავტორმა, მანდიიფ მეჰრამ, ბოსტონის ბრიგამისა და ქალთა ჰოსპიტალიდან, ჟურნალს სტატიის აღება სთხოვა, რადგანაც მასში მოყვანილი სტატისტიკის სანდოობის სიზუსტესთან დაკავშირებით დარწმუნებული არ იყო.

Lancet-მა მისი თხოვნაა დააკმაყოფილა. მისი მთავარი რედაქტორის, რიჩარდ ჰორტონის შეფასებით, „ეს არის კვლევის წესების დარღვევის შოკისმომგვრელი მაგალითი  გლობალური ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობის დროს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი