საზმაუს მენეჯმენტი არ ადასტურებს ინფორმაციას “ბრიფინგის დროს” დახურვის შესახებ

კვალიფიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით,  საზოგადოებრივი მაუწყებლის  მეორე არხზე გადაცემა “ბრიფინგის დრო” იხურება, რასაც არ ადასტურებენ მაუწყებელში.

დღეს, 24 აპრილს,  საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ ახალმა მენეჯმენტმა მაუწყებლის განადგურება დაიწყო.  გიორგი ახვლედიანის თქმით, საზოგადოებირივი მაუწყებლის დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ ტელევიზიაში დანაშულებრივი რეფორმა აამოქმედა:

“დღეს იხურება საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის გადაცემა “ბრიფინგის დრო”. ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროექტი, რომელიც პარტიებს საშუალებას აძლევდა, კონტექსტის დამახინჯების, მონტაჟის გარეშე სრულად მიეწოდებინათ თავიანთი მოსაზრებები მოსახლეობისთვის. თვენახევარში მეორე არხზე ყველა პოლიტიკური შოუ და გადაცემა დაიხურება. ეს ყველაფერი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ხდება.”

მისივე თქმით, ახალ მენეჯმენტს ტელევიზიის “ქართული ოცნების” სტუდიად გადაქცევა სურს:

“საერთაშორისო ორგანიზაციები ამ პროექტს უპრეცედენტოდ და ძალიან პოზიტიურად აფასებდნენ. დაიწყო ის დამანგრეველი პროექტი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის განადგურებას ითვალისწინებს. მაუწყებელი საზოგადოებას ეკუთვნის და ის საზოგადოებამ უნდა დაიცვას. როცა მაუწყებელზე ძალადობენ, მის დანგრევას ცდილობენ, როცა არგუმენტების გარეშე თანამშრომლების სახლში გაშვებას აპირებენ, როცა მაუწყებლის “ჯიდიეს”-ად, ანუ ქართული ოცნების სტუდიად გადაქცევას აპირებენ, საზოგადოებას ძალიან მკაცრი პროტესტი უნდა ჰქონდეს.”

მისივე განმარტებით, დღევანდელი აქტივობა გამაფრთხილებელია და უახლოეს დღეებში საპროტესტო აქციის გამართავენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, გიორგი გვიმრაძის განცხადებით, გადაცემა ჯერჯერობით არ იხურება:

“ჩვენთან არაფერი იხურება, ის ეთერშია. 17 ივლისამდე არაფრის დახურვა იგეგმება. დღეს, ხვალ და ზეგ არაფერი იხურება,” – აღნიშნა გვიმრაძემ.

“ახალი მემარჯვენეების” ლიდერის, მამუკა კაციტაძის განცხადებით, მათ გადაცემის “ბრიფინგის დრო” თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ პარტიების აქტივობებს აღარ გააშუქებენ:

“ჩვენ შეხვედრა გვქონდა “ბრიფინგის დროს” თანამშრომლებთან და მათ გვითხრეს, რომ როცა პარტიები საკუთარ ოფისში პრესკონფერენციას გამართავენ, მეორე არხი არ მოვა და არ გაუშვებს ჩანაწერს “ბრიფინგების დროში.” გადაცემების დახურვა ფორმალურად უკავშირდება ე.წ. რეორგანიზაციას, მაგრამ სინამდვილეში ეს იმისთვის კეთდება, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიებისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელში ეს პატარა საინფორმაციო სარკმელიც დაიხუროს,” – განაცხადა კაციტაძემ.

გადაცემა “ბრიფინგის დრო” ეთერშია ყოველ სამუშაო დღეს, 15:00 და 18:00 საათზე, შაბათს- 17:00 საათზე. “მეორე არხის” და ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის მემორანდუმზე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიების ბრიფინგები დაუმონტაჟებლად თავსდება “მეორე არხის” ეთერში. ბრიფინგის გარდა, პროგრამაში შუქდება ქვეყანაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.