ახალი ამბები

რას ფიქრობენ მელიას განცხადებაზე ევროპულ საქართველოში

5 ივნისი, 2020 • 718
რას ფიქრობენ მელიას განცხადებაზე ევროპულ საქართველოში

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ თბილისში მაჟორიტარულ ოლქებზე ენმ-ის განცხადებამ შესაძლებლობა გაზარდა, ოპოზიციას შორის საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება შედგეს.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეხვედრას გამართავენ, სადაც მაჟორიტარულ ოლქებში, მათ შორის რეგიონებში, საერთო კანდიდატების დაყენების საკითხზე იმსჯელებენ.

“ეს განცხადება და პარტიის ბოლოდროინდელი რიტორიკა განსხვავებულია. ამიტომ მიგვაჩნია, რომ მელიას ამ განცხადების შემდგომ უკვე შესაძლებელია შევთანხმდეთ მაჟორიტარულ კანდიდატებზე და პირველ ტურში შანსი გავზარდოთ გამარჯვების. ოპოზიცურ პარტიებს შორის შეხვედრა ძალიან მალე გაიმართება. იმედი გვაქვს, რომ მაჟორიტარებზე შეთანხმება მთავარ ოპოზიციურ ძალებს შორის ბოლომდე მივა. მანამდე “ნაციონალური მოძრაობის” რიტორიკა ნამდვილად გაუგებარი იყო და ჩვენი მოწოდებაც სწორედ ამას ემსახურებოდა, რომ ეს საკითხი გარკვეულიყო. გუშინ ნიკა მელიას განცხადებამ უფრო მეტი ნათელი მოჰფინა ამ თემას, შესაბამისად, გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ეს ამბავი მალე დავამთავროთ”, – უთხრა ნეტგაზეთს კაპანაძემ.

გუშინ, 4 ივნისს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, იმისათვის, რომ 2020 წლის არჩევნებზე ოპოზიციის ერთობასთან დაკავშირებით სპეკულაციები დასრულდეს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მზადაა, თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან საკუთარი კანდიდატი მხოლოდ ორში, გლდანსა და სამგორში წარადგინოს, 6 ოლქი კი სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს დაუთმოს.

ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე უნდა შეთანხმდეს – ლეიბორისტები და ევროპული საქართველო

მასალების გადაბეჭდვის წესი