ახალი ამბები

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ჩხუბისა და დაჭრის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

5 ივნისი, 2020 • 1181
ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ჩხუბისა და დაჭრის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, 3 ივნისს მომხდარი შეიარეღებული დაპირისპირების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, 1962 წელს დაბადებული მ.ხ.  ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო 1980 წელს დაბადებულ მ.გ-ს ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება ბრალი.

შსს-ს ინფორმაციით , გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.ხ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1988 წელს დაბადებულ ვ.კ-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მ.გ-მ დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებები მიაყენა 1980 წელს დაბადებულ გ.წ-ს და 1994 წელს დაბადებულ ი.პ-ს.

სამინისტროს განმარტებით, სამართალდამცველებმა, მ.გ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღები – დანა და, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი პისტოლეტი.

მ.ხ-ს მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. ხოლო მ.გ-ს მიმართ გამოძიება სსსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი