ახალი ამბები

COVID-19-ით დაზარალებულთა კომპენსაციის მისაღებად კომპანია ყალბ ცნობებს გასცემდა – საგამოძიებო

5 ივნისი, 2020 • 866
COVID-19-ით დაზარალებულთა კომპენსაციის მისაღებად კომპანია ყალბ ცნობებს გასცემდა – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კახეთში ყალბი დოკუმენტების დამზადება – გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობითვე, დაკავებულმა ყალბი დოკუმენტები კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციების მიღების მიზნით დაამზადა. საგამოძიებო სამსახურში ასევე აცხადებენ, რომ ბრალდებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისთვის წარსულში ნასამართლევია და ამ ეტაპზე პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

“გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ – ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა ბოროტად ესარგებლა მთავრობის მიერ ინიცირებული კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემის პროგრამით. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მან დაამზადა ყალბი სამსახურებრივი ცნობები 11 პირის სახელზე, რომელთა მიხედვითაც, მოქალაქეები თითქოსდა წარმოადგენდნენ ბრალდებულის კომპანიის მიერ დაქირავებულ თანამშრომლებს და 2020 წლის 21 მარტიდან COVID 19-ის გამო იმყოფებოდნენ უხელფასო შვებულებაში”, – წერია განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახურის ცნობითვე, თითოეულ ასეთი ცნობაში ბრალდებული 50 ლარს იღებდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი