ნეტგაზეთი | „ტრამპი ამერიკელების დაყოფას ცდილობს“ — მეტისი „ტრამპი ამერიკელების დაყოფას ცდილობს“ — მეტისი – Netgazeti

„ტრამპი ამერიკელების დაყოფას ცდილობს“ — მეტისი

აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივნის, ჯიმ მეტისის განცხადებით, რომელიც პოსტს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას იკავებდა, „დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტია მის ცხოვრებაში, რომელიც ამერიკელი ხალხის დაყოფას ცდილობს“.

მეტისის თქმით, ტრამპი არც კი ცდილობს, რომ მოჩვენებითი ნაბიჯები მაინც გადადგას ხალხის გასაერთიანებლად:

„დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტია ჩემს ცხოვრებაში, ვინც არ ცდილობს ამერიკელი ხალხის გაერთიანებას, მოჩვენებითად მაინც. პირიქით — ის ჩვენს დაყოფას ცდილობს. მოწმენი ვართ ამ სამწლიანი, განზრახ გადადგმული ნაბიჯების შედეგის. მოწმენი ვართ მოწიფული ხელმძღვანელობის არარსებობის სამწლიანი შედეგის.

არ უნდა ვიყოთ კანონის დამრღვევთა მცირე რაოდენობით გართულნი. ამ პროტესტის მთავარი ძალაა ათიათასობით სინდისიანი ადამიანი, ვინც ამბობს, რომ როგორც ერი, ჩვენი ღირებულებების ერთგულნი უნდა ვიყოთ. ვერსადროს ვერ ვიფიქრებდი, რომ ჯარისკაცებს ნებისმიერ პირობებში მისცემდნენ ბრძანებას, მათი თანამოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები დაერღვიათ.  ჩვენი პასუხის მილიტარიზაცია, რასაც ადგილი ჰქონდა ვაშინგტონში, აჩენს კონფლიქტს სამხედრო და სამოქალაქო საზოგადოებას შორის“, — წერს მეტისი.

ჯიმ მეტისმა ტრამპის ადმინისტრაცია 2018 წელს დატოვა, როგორც მაშინ გახდა ცნობილი — ტრამპის პოლიტიკასთან უთანხმოებებიდან გამომდინარე.

მის პოსტს გამოეხმაურა პრეზიდენტი ტრამპიც. მისი თქმით, „მოხარულია“, რომ მეტისი მასთან აღარ მუშაობს.

„ალბათ, ერთადერთი რამ, რაც მე და ბარაკ ობამას გვაქვს საერთო, ისაა, რომ ორივეს გვქონდა პატივი, ჯიმ მეტისი, მსოფლიოს ყველაზე გადაფასებული გენერალი გაგვეთავისუფლებინა. მე მას გადადგომის [შესახებ] განცხადება ვთხოვე და თავი ბრწყინვალედ ვიგრძენი. მისი მეტსახელი იყო „ქაოსი“, რომელიც მე არ მომწონდა და „ავი ძაღლით“ შევუცვალე. მისი მთავარი სიძლიერე არა სამხედრო [საკითხებში იყო], არამედ პირადი და საჯარო ურთიერთობები იყო. მივეცი ახალი ცხოვრება, საკეთებელი რამეები და მოსაგები ბრძოლები, მაგრამ „სახლში ბეკონი იშვიათად მოჰქონდა“. არ მომწონდა მისი „ლიდერობის“ სტილი და ბევრი სხვა რამ, ბევრი ვინმე მეთანხმება. მოხარული ვარ, რომ აღარაა [ადმინისტრაციაში]“, — დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.


ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, აშშ-ში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებენ პოლიციის მიერ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასა და ზოგადად, აფროამერიკელების წინააღმდეგ პოლიციის ძალადობას.

ამასთან ერთად, არეულობის დროს მოქალაქეების ნაწილი მაღაზიებს ძარცვავს.

ტრამპის თქმით, ქვეყანაში წესრიგის დასამყარებლად განიხილავს სამხედრო შენაერთების გამოყენებას.  ყოფილი თავდაცვის მდივნის გარდა, ამას ეწინააღმდეგება მისი მემკვიდრე და მოქმედი თავდაცვის მდივანი მარკ ესპერიც.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნიკა ბურდული – ნეტგაზეთის რეპორტიორი 2019 წლის დეკემბრიდან. E-mail: burrrduli@gmail.com