ახალი ამბები

ცვლილებები საკრედიტო-საგარანტიო სქემასა და “აწარმოე საქართველოში”

4 ივნისი, 2020 • 1150
ცვლილებები საკრედიტო-საგარანტიო სქემასა და “აწარმოე საქართველოში”

მთავრობას პროექტში “აწარმოე საქართველოში” ცვლილებები შეაქვს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პროგრამის ფარგლებში იზრდება როგორც სესხის მოცულობა, ასევე, სესხის დაფარვის ვადაც. ამასთან, მთავრობა იმ დარგების რაოდენობას აორმაგებს, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროს პროგრამით ისარგებლებენ. მათ შორის, თურნავას თქმით, იქნება სამშენებლო მასალათა, პლასტმასის წარმოება.

“ამ პროგრამის ფარგლებში ვზრდით სესხის ოდენობას და აქამდე თუ ეს იყო 150 ათასი მინიმალური ზღვარი,  ამას 50 ათას ლარამდე ვწევთ. შესაბამისად, 50 ათასი ლარის სესხის მქონე კომპანიებიც მიიღებენ ჩვენს დახმარებას, რაც რეალურად სესხის პროცენტის სუბსისდირებას გულისხმობს. ამასთან, პროგრამა ხანგრძლივდება და თუ აქამდე ჩვენი თანადაფინანსება 24 თვე გრძელდებოდა, ახლა 36 თვე იქნება. ასევე მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის ინდუსტრია, აქ ჩვენ ვუშვებთ გამონაკლისს, რაც ბიზნესს მისცემს საშუალებას, ერთდროულად ისარგებლოს როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარების პროგრამით, ასევე ჩვენი საკრედიტო-საგარნტიო სქემით”,-აცხადებს თურნავა.,

დღეს, 4 ივნისს გამართულ მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს საკრედიტო-საგარნტიო სქემის პროექტიც, რომლის ბიუჯეტი 20 მლნ ლარიდან 330 მლნ ლარამდე იზრდება. როგორც თურნავამ თქვა, წელს პირველად ამ სქემაში, ბანკების გარდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც იქნებიან ჩართულნი.

“ეს ნიშნავს იმას, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხების მიმღები მიკრო და მცირე ბიზნესი, 20 ათასი ლარის და უფრო მეტი სესხის მიღების მსურველები შეძლებენ საკრედიტო-საგარანტიო სქემით ისარგებლონ, რაც სესხის 90%-ის უზრუნველყოფას გულისხმობს”,-ამბობს თურნავა.

აქამდე მოქმედი საკრედიტო-საგარნტიო სქემის ფარგლებში საკრედიტო გარანტია გაიცემა კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 70%-ის ოდენობით და თითოეული კომერციული ბანკისთვის პროგრამის ფარგლებში არსებული სასესხო პორტფელის არაუმეტეს 15%-ის ოდენობაზე. საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში, გარანტიები გაიცემა მხოლოდ ლარში აღებულ სესხებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი