ახალი ამბები

აშშ-ის თავდაცვის მდივანი მიტინგების დასაშლელად სამხედროების გამოყენებას ეწინააღმდეგება

3 ივნისი, 2020 • 1194
აშშ-ის თავდაცვის მდივანი მიტინგების დასაშლელად სამხედროების გამოყენებას ეწინააღმდეგება

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, მარკ ესპერის განცხადებით, იგი ეწინააღმდეგება შტატებში მიმდინარე პროტესტის დაშლას სამხედრო მოსამსახურეების ძალისხმევით. ამგვარად, იგი პირდაპირ შეწინააღმდეგა პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ პროტესტების დასაშლელად სამხედროების გამოყენება სურდა, იუწყება ABC News.

„მოქმედი სამხედროების გამოყენება უკიდურესი ზომა უნდა იყოს. არ ვუჭერ მხარს აჯანყების კანონის გამოყენებას“, — განაცხადა ესპერმა.

კანონი, რომელზეც ესპერი საუბრობს, ჯერ კიდევ 1807 წელს მიიღეს. მის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტს აქვს უფლება, კონკრეტულ შტატში შეიყვანოს ფედერალური სამხედრო ძალები, თუ ამას შტატის გუბერნატორი ან საკანონმდებლო ორგანო სთხოვს. 1956 წლის ცვლილებით, პრეზიდენტს უკვე აქვს უფლება შეიყვანოს ჯარი და მოახდინოს შტატის ეროვნული გვარდიის ფედერალიზაცია კონკრეტულ შემთხვევებში (მათ შორის — აჯანყების).

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურდა, მომიტინგეების დაშლისთვის სამხედროებიც გამოეყენებინა.


აშშ-ში, მინეაპოლისში პოლიციელის მიერ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.

დაკავებისას პოლიციელმა მიწაზე დაწვენილ ფლოიდს ყელზე მუხლი დააჭირა და მიუხედავად იმისა, რომ ფლოიდმა პოლიციელს არაერთხელ უთხრა, ვერ ვსუნთქავო, მუხლი არ აიღო.

დამოუკიდებელი ექსპერტიზის მიხედვით, ფლოიდის გარდაცვალების მიზეზად პოლიციელების ქმედება დასახელდა. პოლიციელი, რომელმაც ფლოიდს მუხლი დააჭირა, დაკავებულია, მომიტინგეები კი აფროამერიკელების მიმართ პოლიციის სასტიკ მოპყრობას აპროტესტებენ და სამართლიანობას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი