აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონში, თეთრ სახლთან მიმდინარე პროტესტის დროს ბუნკერში არა უსაფრთხოების, არამედ შემოწმების მიზნით ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
„მითხრეს, შესაფერისი დრო იყო, ქვემოთ ჩასულიყავი და შეგეხედა, ერთხელ შეიძლება დაგჭირდესო“, — განაცხადა ტრამპმა მომხდარის შესახებ საუბრისას.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეთრ სახლთან მიმდინარე პროტესტის დროს ტრამპი ბუნკერში ჩაიყვანეს, ორი დღის წინ გავრცელდა. როგორც წესი, ასეთ ზომებს პრეზიდენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მიმართავენ.
აშშ-ში, მინეაპოლისში პოლიციელის მიერ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.
დაკავებისას პოლიციელმა მიწაზე დაწვენილ ფლოიდს ყელზე მუხლი დააჭირა და მიუხედავად იმისა, რომ ფლოიდმა პოლიციელს არაერთხელ უთხრა, ვერ ვსუნთქავო, მუხლი არ აიღო.
დამოუკიდებელი ექსპერტიზის მიხედვით, ფლოიდის გარდაცვალების მიზეზად პოლიციელების ქმედება დასახელდა. პოლიციელი, რომელმაც ფლოიდს მუხლი დააჭირა, დაკავებულია, მომიტინგეები კი აფროამერიკელების მიმართ პოლიციის სასტიკ მოპყრობას აპროტესტებენ და სამართლიანობას ითხოვენ.