ახალი ამბები

ბრიტანეთში იბუპროფენს იკვლევენ COVID-19-ით დაავადებულთა სიმპტომური მკურნალობისთვის

3 ივნისი, 2020 • 1316
ბრიტანეთში იბუპროფენს იკვლევენ COVID-19-ით დაავადებულთა სიმპტომური მკურნალობისთვის

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს კვლევა, რომლის მიზანიცაა გამოავლინოს, შეუძლია თუ არა წამალ იბუპროფენს გამოჯანმრთელებაში დაეხმაროს საავადმყოფოში მყოფ კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს, წერს BBC.

გამოცემის ცნობით, ლონდონის გაისა და წმინდა ტომასის სახელობის საავადმყოფოსა და სამეფო კოლეჯის მეცნიერებისგან შემდგარი გუნდი ვარაუდობს, რომ იბუპროფენს — ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო წამალს – შეუძლია, სუნთქვის პრობლემების მქონე პაციენტებს დაეხმაროს და ამგვარად, მათ არ დასჭირდეთ ხელოვნური სუნთქვის აპარატები.

BBC-ის თანახმად, კვლევაში, რომელსაც Liberate (გათავისუფლება) ეწოდება, პაციენტების ნახევარი კორონავირუსის დროს ჩვეულებრივი მკურნალობის გარდა იბუპროფენსაც მიიღებს.

„გვჭირდება კვლევა, რათა მისმა შედეგებმა აჩვენოს, რომ მოხდება ის, რასაც ჩვენ ველით“, — ციტირებს ბრიტანული გამოცემა მითულ მეჰთას, კვლევაში ჩართულ ერთ-ერთ მეცნიერს.

გარდა ამისა, როგორც BBC წერს, იბუპროფენის კვლევამ ცხოველებში აჩვენა, რომ ის წარმატებული გამოდგა კორონავირუსის ერთ-ერთი გართულების — მძიმე რესპირატორული სინდრომის მკურნალობაში.

თუმცა კვლევაში გამოყენებულ იქნება იბუპროფენის სპეციალური ფორმულა და არა ტაბლეტები, რომლებიც აფთიაქში იყიდება.

კორონავირუსის პანდემიის დასაწყისისას იყო მოსაზრება, რომ იბუპროფენის მიღება კორონავირუსით მსუბუქად დაავადებული პაციენტებისთვის მავნე აღმოჩნდებოდა — მაშინ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივერ ვერანმა განაცხადა, რომ იბუპროფენის მსგავსი ანთების საწინააღმდეგო წამლების მიღებას შეეძლო ინფექცია კიდევ უფრო გაეძლიერებინა და პაციენტებს რჩევა მისცა, იბუპროფენის ნაცვლად პარაცეტამოლი მიეღოთ.

გაერთიანებული სამეფოში კი ჯანდაცვის ეროვნული სისტემა პაციენტებს ურჩევს, ჯერ პარაცეტამოლი მიიღონ, რადგანაც იბუპროფენთან შედარებით მას ნაკლები გვერდით მოვლენა ახასიათებს და უფრო უსაფრთხოა ადამიანთა დიდი ნაწილისთვის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი