ახალი ამბები

ჯარის 99.9% აბსოლუტურად აპოლიტიკურია – ღარიბაშვილი

3 ივნისი, 2020 • 1073
ჯარის 99.9% აბსოლუტურად აპოლიტიკურია – ღარიბაშვილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში ჯარისკაცების 99.9% არის აპოლიტიკური და ის არ დაუშვებს, რომ რომელიმე პარტიის პოლიტიკური ინტერესები გატარდეს ჯარში. ამის შესახებ ღარიბაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

“პირველი სიტყვები, რაც მე განვუცხადე თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობას და პირად შემადგენლობას, იყო შემდეგი, რომ მე მოვდივარ აბსოლუტურად გულწრფელად, ყოველგვარი პოლიტიკური ინტერესების გარეშე. მე არ შემომაქვს პოლიტიკური ინტერესები ჯარში, მაგრამ, მეორე მხრივ, მე არ დავუშვებ და შეუწყნარებელი ვიქნები სხვა პოლიტიკური პარტიების ინტერესების გატარების წინააღმდეგ. ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ მოვახდინეთ პოლიციის, ჯარის და უშიშროების სამსახურების დეპოლიტიზირება და ჯარის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული და საამაყო ინსტიტუციის პოლიტიზირებას ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს, ასეთი დავალება და ზოგადად პოლიტიკური ნებაა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, “ნატოს” ქვეყნებში ნებისმიერ პოლიტიკური აქტიურობა არის აკრძალული, მათ შორის როგორც ვერბალური გამოხატულება, ისე ფეისბუკ პოსტები. ღარიბაშვილის განმარტებით, იმ შემთხვევაში კი, თუ ვინმე ამას დაარღვევს, პასუხი მოეთხოვება.

“იციან, რომ პოლიტიკა არ არის ჯარისკაცების საქმე. თუ ვინმეს პოლიტიკა აინტერესებს, კეთილი ინებოს და მიბრძანდეს პოლიტიკურ პარტიაში. მათი გზა არის ხსნილი. მე დარწმუნებული ვარ, რომ 99.9% ჩვენი ჯარის, ჩვენი საამაყო ბიჭების და გმირების არის აბსოლუტურად აპოლიტიკური. მათთვის სულერთია, ვინ იქნება ხელისუფლებაში. მათთვის მთავარია, ვინ იზრუნებს ჩვენი სახელმწფოს და ჩვენი ჯარის გაძლიერებაზე.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჯარი არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ ძალას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი