ახალი ამბები

შარშანდელი ეპიდაფეთქების შემდეგ წელს წითელა დავამარცხეთ – გამყრელიძე

1 ივნისი, 2020 • 1172
შარშანდელი ეპიდაფეთქების შემდეგ წელს წითელა დავამარცხეთ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, შარშანდელი ეპიდაფეთქების შემდეგ, წელს, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში წითელა დამარცხდა.

გამყრელიძეს დღეს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ჰკითხეს, როდის და რა პირობებში იქნება შესაძლებელი კორონავირუსის დამარცხებაზე საუბარი.

„სრული დამარცხების კრიტერიუმი ძალიან რთული სათქმელია… მაგალითად, წელს ჩვენ დავამარცხეთ წითელა. შარშან გვქონდა დიდი ეპიდაფეთქება და წელს, თუ არ ვცდები, 5 თვეში მხოლოდ 12 შემთხვევა გვაქვს. ვთვლით, რომ დავამარცხეთ… [წითელას] 12 შემთხვევაა, რომელიც მართვადია”, – ამბობს გამყრელიძე.

რაც შეეხება ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებას, გამყრელიძის თქმით, საქართველოში Covid 19-ის თვალსაზრისით სიტუაცია მართვადია.

„გუშინდელ 26 შემთხვევას თავისი განმაპირობებელი გარემოებები ჰქონდა… იმის წინ იყო 8, მანამდე კი- 3. ეს რიცხვები ნიშნავს, რომ სიტუაცია მართვადია, ანუ ჯანდაცვის ქსელი მას ადვილად მართავს“, – ამატებს გამყრელიძე.

მისივე თქმით, სანამ გლობალურად არ დასრულდება პანდემია, არ შეიქმნება ვაქცინა და წამალი, თვთიკმაყოფილების დრო არ არის.


2019 წელს საქართველოში წითელას ეპიდაფეთქება დაფიქსირდა. იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით წითელას 3910 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 12 გარდაიცვალა.

WHO-მ ვაქცინაზე უარის თქმა მსოფლიო ჯანდაცვის 10 გამოწვევას შორის დაასახელა

მასალების გადაბეჭდვის წესი