ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ანტივაქცინური მოძრაობა მსოფლიო ჯანდაცვის 2019 წლის ყველაზე მნიშვნელოვან 10 გამოწვევას შორის დაასახელა.
როგორც გამოცემა Newsweek წერს, ვაქცინაზე უარის თქმის ტენდენცია ბოლო პერიოდში სხვადასხვა ქვეყნისთვის, მათ შორის, ამერიკისთვის, ძალიან აქტუალური გახდა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, იმ ბავშვთა ოდენობა, რომლებსაც სავალდებულო აცრები გაკეთებული არ აქვთ, 2001 წელთან შედარებით, 2017 წელს გაოთხმაგდა.
რაც შეეხება საქართველოს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, პირველი იანვრიდან წითელას შემთხვევები საქართველოში გახშირდა და 312 რეგისტრირებულ შემთხვევას მიაღწია. ცენტრის ხელძღვანელი ამირან გამყრელიძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა, რაც ნაწილობრივ გამოწვეულია მოსახლეობის მიერ აცრაზე უარის თქმით.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ვაქცინები დაავადებებთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ხელმისაწვდომი საშუალებაა. Newsweek წერს, რომ ვაქცინების გარეშე მსოფლიოში ყოველ წელს დამატებით 2-3 მილიონი ადამიანი გარდაიცვლებოდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მსოფლიო მოსახლეობის ნაწილი საკუთარი თავისა და შვილების ვაქცინაციაზე უარს ამბობს.
ვაქცინაციაზე უარის თქმა კი, თავის მხრივ, რიგი დაავადებების აფეთქებებს იწვევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, ვაქცინებზე უარის თქმა სწორედ ერთ-ერთია იმ ფაქტორებს შორის, რომელმაც წითელათი დაავადების შემთხვევა მსოფლიოს მასშტაბით 30%-ით გაზარდა.
სხვა გამოწვევებს შორის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ასახელებს:
- ჰაერის დაბინძურება და კლიმატის ცვლილება;
- არაგადამდები დაავადებები (მაგალითად, კიბო);
- გრიპის პანდემია;
- სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ისეთი გარემოებები, როგორიცაა შიმშილი, უწყლობა, ომი ან ლტოლვილობა;
- ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულობა;
- ებოლა და მაღალი საფრთხის სხვა პათოგენები;
- შეზღუდული ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე;
- დენგეს ცხელება;
- აივ/შიდსი.