ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერთადერთი გაფუჭებული ტომოგრაფი და არასაკმარისი მედპერსონალი ცხინვალში

2 ივნისი, 2020 • 1482
ერთადერთი გაფუჭებული ტომოგრაფი და არასაკმარისი მედპერსონალი ცხინვალში

ავტორი: მურატ გუკემუხოვი, ჟურნალისტი


ჯანდაცვის სფეროს პრობლემები – რატომ ვერ გაუმკლავდება ცხინვალი შესაძლო პანდემიას

სამხრეთ ოსეთის ჯანდაცვის უკიდურესად დაბალი დონე ქართულ-ოსური კონფლიქტისა და მსოფლიოსგან იზოლაციის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შედეგია. მეტ-ნაკლებად კვალიფიციური ადგილობრივი კადრები – ექიმები – უკეთესი ცხოვრების საძიებლად სხვა ქვეყნებში გადასახლდნენ. ბევრი ახალგაზრდა სპეციალისტი, ვინც კონფლიქტის დროს დიპლომის მიღება რუსეთის პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში მოასწრო, სამხრეთ ოსეთში აღარ დაბრუნებულა. ისინი კი, ვინც დარჩნენ, თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში მოწყვეტილი არიან საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრებს და, შესაბამისად, კვალიფიკაციის ამაღლების სისტემას. ოდესღაც, საბჭოთა დროს, კარგ ექიმებად წოდებული სპეციალისტები თანამედროვე მეცნიერებას ჩამორჩნენ და ისე ჩამოშორდნენ პროფესიას, პროფესიონალი მემკვიდრეები აღარ დაუტოვებიათ.

რუსეთი სამხრეთ ოსეთში ახალ კლინიკებს აშენებს. თანათანობით ხდება მათი  თანამედროვე აპარატურით აღჭურვაც, თუმცა საჭიროა მრავალი წელი იმისთვის, რომ აქ თანამედროვე ჯანდაცვის სისტემა შეიქმნას.

ცხინვალის კლინიკებში დღესდღეობით არ არსებობენ პულმონოლოგები, არ არის საკმარისი სარეანიმაციო ბრიგადები [მხოლოდ ოთხი ბრიგადის შესახებაა ცნობილი], რომლებიც კორონავირუსის პანდემიას გაუმკლავდებოდნენ.

რაც შეეხება თანამედროვე აპარატურას, სამხრეთ ოსეთში ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის მხოლოდ რამდენიმე აპარატი და ერთი გაფუჭებული ტომოგრაფია, რომლის შეკეთებას ხელისუფლება საზოგადოებას უახლოეს დროში ჰპირდება.

იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობაში საკმაოდ გავრცელებულია გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებები, ასევე, შაქრიანი დიაბეტი, შეიძლება ითქვას, რომ ამ დრომდე კორონავირუსის პანდემიისგან მოსახლეობა მხოლოდ იზოლაციამ გადაარჩინა.

ფორმალური შეზღუდვები პანდემიის თავიდან ასაცილებლად

27 თებერვალს ადგილობრივმა უშიშროების საბჭომ ქართულ მხარესთან საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ეს მოხდა მეორე დღესვე მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ერთი თვის შემდეგ, 27 მარტს კი, სამხრეთ ოსეთში შეზღუდვები რუსეთის სქემით დაწესდა.

რუსეთთან საზღვარზე შემუშავდა განსაკუთრებული გამშვები წესი. ახლა რესპუბლიკაში მხოლოდ რუსეთიდან სახლში დაბრუნების მიზნით უშვებენ. მეტწილად ესენი არიან რუსეთის სასწავლო დაწესებულების, სამხედრო სასწავლებლების ოსი სტუდენტები, რომლებიც დისტანციურ სწავლებაზე გადაიყვანეს. 200-ზე მეტი ახალგაზრდა უკვე დაბრუნდა და დაახლოებით 300-ს კიდევ ელოდებიან. ამასთან, რუსეთთან საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ როგორც დიპლომატებს, ასევე, პირველადი საჭიროების პროდუქტის გადამზიდავებს.

ოფიციალური რეგულაციის შესაბამისად, ყველა ვალდებულია, ორკვირიანი კარანტინი გაიაროს. სწორედ კარანტინში გამოავლინეს სამხრეთ ოსეთში თითქმის ყველა დაინფიცირებული.

ოფიციალური სტატისტიკით 40-მდე პაციენტი რუსეთიდანაა ჩამოსული, ამასთან, დაინფიცირებულია მედპერსონალის ორი წევრი.

როგორც ოფიციალურ განცხადებებში ვკითხულობთ, “დაავადებულებს ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქტი არ ჰქონიათ. ამასთან,  ყველა დაინფიცირებულს დაავადების მსუბუქი ფორმა აქვს”.

სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება და მოსახლეობა რაღაც პერიოდი  სწორედ ამით იმშვიდებდა თავს.

ფორმალური აკრძალვების დროს კი,  9 მაისს, პრეზიდენტმა ბიბილოვმა ექვსი აღლუმი გამართა. მათ შორის ხუთი, ვეტერანებისთვის, ერთიკი , საერთო, – ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე.

24 მაისს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ შეზღუდვები მოხსნა.  მუშაობა დაუშვეს მაღაზიებში, ბაზრებში, სილამაზის სალონებში, სპა-სალონებში, ავტოსახელოსნოებში, სამკერვალოებში და ა.შ.  25 მაისიდან მუშაობა განაახლეს კაფე-რესტორნებმა.

ხელისუფლების სიმშვიდე საზოგადოებასაც გადაედო.  დღეს ცხინვალში ნიღბიანი ადამიანის ნახვა დიდი იშვიათობაა.

ადგილობრივი ექიმების დაკვირვებით, აქ ინფიცირებულთა დაახლოებით ნახევარში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, განსაკუთრებით- ახალგაზრდებში. “უსიმპტომოების” გამოვლენა კი მხოლოდ ტესტებითაა შესაძლებელი.  ტესტები, რომლებიც სამხრეთ ოსეთში გამოიყენება, ნოვოსიბრისკში, კომპანია “ვექტორის” მიერ არის წარმოებული და თავად რუსეთის მოქალაქეებს მათ სანდოობაში ეჭვი ეპარებათ. რუსი მედპერსონალის ინფორმაციით, აღნიშნული ტესტების ცდომილება 60%-ია.

ცნობილი რუსი ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო აცახდებს, რომ კორონავირუსის ყველა სიმპტომი, მათ შორის ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, თუმცა ექვსჯერ გაუკეთეს “ვექტორის” ტესტი და ყველა ჯერზე პასუხი უარყოფითი იყო. ამიტომაც რუსი ექიმები უფრო ხშირად ახერხებენ  დიაგნოზის დასმას ფილტვების ტომოგრაფიული კვლევით.

ბიბილოვმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დახმარებაზე უარი თქვა

პრეზიდენტ ბიბილოვს ჰქონდა შანსი ანტივირუსული ზომები უფრო საიმედო გაეხადა. ორი თვის განმავლობაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები არწმუნებდნენ ცხინვალს, მიეღო შეთავაზებული დახმარება. ცხინვალს სთავაზობდნენ სპეციალისტებს, რომლებიც შეამოწმებდნენ საავადმყოფოებს, ჩაატარებდნენ ტრენინგებს მედპერსონალთან. დახმარება ითვალისწინებდა ეფექტურ ტესტებსაც, რომელთა ცდომილება  1%-ია.

პრეზიდენტი ბიბილოვი ამ ყველაფერზე უარს ამბობს. ამასთან, არ კეთდება მკაფიო განმარტებები, რა მიზეზითაა განპირობებული უარი დახმარებაზე და რატომ აყენებს  რისკის ქვეშ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას.  მით უმეტეს, აღნიშნული გადაწყვეტილება არ არის მოსკოვის ბრძანება, ვინაიდან აფხაზეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დახმარება უპირობოდ მიიღო.

ერთადერთი შესაძლო პასუხი ისაა, რომ ბიბილოვმა საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტა, მოსკოვისთვის საკუთარი ერთგულება ეჩვენებინა.

კიდევ ერთი გარემოება, რომელიც სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ვერ გათვალა, ადამიანური ფაქტორია. ახალგაზრდა კურსანტებს კარანტინი მობეზრდათ და 19 მაისს 25-მა სტუდენტმა შენობა საკუთრი გადაწყვეტილებით დატოვა და სახლებში გაიქცა. დაახლოებით დღე-ღამე გავიდა, სანამ ყველა მათგანი პოლიციამ იპოვა.

ბიბილოვმა დამნაშავეების დასჯა მოითხოვა – სასწავლებლებიდან გარიცხვა. ასევე, კარანტინში მყოფი მოქალაქეებისთვის დაცვის გაძლიერების ბრძანება გასცა. ამასთან, არ ჩატარებულა გამოძიება და ხელისუფლებას არ უცდია გაერკვია, ვისთან ჰქონდათ კომუნიკაცია გაპარულ კურსანტებს.

აღნიშნულმა ინციდენტმა ასევე აჩვენა ისიც, რომ შესაბამისი დაცვის გარეშე სტუდენტებს იქამდეც შეეძლოთ კარანტინის დატოვება.

როგორ იყენებენ და გამოიყენებენ ლუგარის ლაბორატორიას პოლიტიკური კრიზისის ასარიდებლად ცხინვალში

იმ შემთხვევაში, თუ სამხრეთ ოსეთში ეპიდემია იფეთქებს, ის არა მხოლოდ ჯანდაცვის პრობლემა იქნება. მას ასევე პოლიტიკური კრიზისის გამოწვევა და ბიბილოვის კარიერის დასრულება შეუძლია იმ საბაბით, რომ მან არ მიიღო საერთაშორისო დახმარება  და ვერ გამოიყენა ეფექტურად ის დიდი დრო, რომელიც ცხინვალს პანდემიის ასაცილებლად ჰქონდა. შესაბამისად, ცხინვალს და პირადად ბიბილოვს საკმარისი საბაბი აქვთ იმისთვის, რომ სამხრეთ ოსეთში ეპიდსიტუაციის შესაძლო გამწვავების შემთხვევაში, საქართველო და ლუგარის ლაბორატორია დაადანაშაულონ.

საქართველოდან კორონავირუსის შესაძლო იმპორტზე უკანასკნელ პერიოდში  სამხრეთ ოსეთის ოფიციალურ პრესაში ცალკეული პოლიტიკოსებისა და სპეცსამსახურების წარმომადგენელთა საგანგებო განცხადებები გაჩნდა. მარტის დასაწყისშივე ოსურ ინტერნეტგამოცემებში მსგავსი მესიჯით 18 სტატია დაიბეჭდა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში, ცხინვალში მომზადებულია ნიადაგი იმისთვის, რომ თბილისი დაადანაშაულონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი