ფორბსმა, “კაილი კოსმეტიქსის” დამფუძნებელი, კაილი ჯენერი მილიარდერების სიიდან ამოიღო. როგორც BBC წერს, გამოცემა შეცდომაში ჯენერის ოჯახმა შეიყვანა, რომელმაც მისი ბიზნესის ღირებულება მიზანმიმარტულად გაზარდა.
ფორბსის განცხადებით, კარდაშიან-ჯენერების ოჯახი “უჩვეულო საზღვრებზე” გადავიდა და ოჯახის ახალგაზრდა წევრი იმაზე მდიდრად წარმოაჩინა, ვიდრე ის რეალურად იყო.
ფორბსის განცხადებას ტვიტერზე გამოეხმაურა თავად კაილი ჯენერი, რომელმაც თქვა, რომბრალდებები დაუსაბუთებელია, თუმცა მას არანაირი ტიტული არ მოუთხოვია.
მანამდე, 2019 წელს ფორბსმა კაილი ჯენერი ყველაზე ახალგაზრდა ქალად დაასახელა, რომელმაც მილიარდი თავად გამოიმუშავა. ფორბსი ჯენერის წარმატებას მის კოსმეტიკურ კომპანიებს, Kylie Cosmetics და Kylie Skin-ს უკავშირებდა.
თუმცა, გასულ წელს ჯენერმა განაცხადა, რომ საკუთარი ბრენდის აქციების 51%-ს 600 მილიონ დოლარად ყიდიდა. ფორბსის განცხადებით, კარდაშიან-ჯენერების ოჯახი აცხადებდა, რომ კომპანიამ 2016 წელს 300 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა, თუმცა აქციების გაყიდვის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ კომპანიას გაცილებით მცირე მოგება აქვს, ვიდრე ამას ოჯახი წარმოაჩენდა.
ფორბსის განცხადებით, კაილი ჯენერმა კომპანიის აქციების გაყიდვით 340 მილიონი მოიპოვა და ახლა მისი ქონების ღირებულება 900 მილიონ აშშ-დოლარზე ნაკლებია.