ახალი ამბები

საბურთალოს კლასტერის პირველწყარო, სავარაუდოდ, სამედიცინო მუშაკია

30 მაისი, 2020 • 2244
საბურთალოს კლასტერის პირველწყარო, სავარაუდოდ, სამედიცინო მუშაკია

თბილისში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირებულთა ახალი კლასტერი, საიდანაც 11 ადამიანს კოვიდ ინფექცია დაუდასტურა და კონტაქტების კვლევა გრძელდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სწორედ ამ შემთხვევას უკავშირდება საბურთალოს რაიონში, ერთ-ერთ კორპუსში მიმდინარე ეპიდემიოლოგიური სამუშაოები. თავდაპირველად კორონავირუსი დაუდასტურდა ერთი ოჯახის 2 წევრს, რომელთაგან ერთი სამედიცინო მუშაკია, გამოკვლეულ იქნა მათი მათი 50-მდე კონტაქტი, რომელთაგან 9-ს კოვიდ-19-ის ინფექცია აღმოაჩნდა.

“მთლიანად ამ ახლადჩამოყალიბებული კლასტერის და კონტაქტების კვლევა დავიწყეთ გუშინწინ. ესენი არიან ერთი ოჯახი და ოჯახთან ძალიან ახლო კონტაქტები. ინფიცირების პირველადი წყარო, როგორც ვფიქრობთ, უნდა იყოს ჩემი კოლეგა, რომლისგანაც გავრცელებულია ინფექცია ოჯახში და შემდეგ – ოჯახის ახლო კონტაქტებში”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ, თუმცა დასძინა, რომ ჯერ ზუსტად დადასტურებული არ არის, სამედიცინო მუშაკია პირველწყარო თუ მისი ოჯახის წევრი.

გამყრელიძის თქმით, საბურთალოზე, საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარეობს ინფიცირებულის კონტაქტების კვლევა, ასევე, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები ტარდება მის სამუშაო ადგილზე, თუმც აკარანტინის საჭიროება არ არის.

ამირან გამყრელიძის თქმით,  საქართველოში სამედიცინო მუშაკების დაინფიცირების მაჩვენებელი დაახლოებით 13%-ია, მსოფლიოს მასშტაბით კი 12-დან 20%-მდე მერყეობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი