“ევროპული საქართველოს” დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი პრემიერ-მინისტრ გახარიას, რომელიც პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფება, სიღარიბის დაძლევის გეგმებზე საუბრის ნაცვლად პოლიტიკურ დისკუსიაში ჩაბმაში ადანაშაულებს და ამ მიმართულებით ახლანდელი მდგომარეობის 2012 წელთან შედარების გამო აკრიტიკებს.
ჭიაბერაშვილი გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევას იშველიებს და აცხადებს, რომ სიღარიბის დაძლევის ტემპი უკანასკნელ წლებში საგრძნობლად შემცირდა, რაზეც პასუხისმგებელი “ქართული ოცნების” ხელისუფლებაა.
გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევა, რომელიც ბავშვთა სიღარიბეს უკავშირდება, გასული წლის დეკემებრში გამოქვეყნდა. ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, რომ კვლევის მიხედვით, ოჯახების 70%-ის მიერ პროდუქტებისა და მომსახურების მოხმარების მაჩვენებელი გასული 8 წლის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ მაინც იყო საარსებო მინიმუმზე დაბალი:
“6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვების 27% (ყოველი მესამე ბავშვი) ღებულობდა მინიმალური კვების რაციონის მრავალფეროვნებას და სიხშირეს მინიმალური სიხშირით, ანუ ბავშვების მესამედი შიმშილობს. სოფლად 5 წლამდე ასაკის ბავშვების 40 პროცენტია, რომლებსაც სიცხე ჰქონდათ და ექიმთან არ მიუყვანიათ. უღარიბესი 20 პროცენტი ოჯახების ბავშვების 20 პროცენტი სკოლაში არ დადის. ბავშვების 44 პროცენტს არ აქვს მინიმუმ სამი საბავშვო წიგნი. 12 პროცენტი სახლში დამზადებული თვითნაკეთი სათამაშოებით თამაშობს”, – ამბობს ჭიაბერაშვილი.
მისი თქმით, იმის მაგივრად, რომ ამ პრობლემებთან დაკავშირებით ეპასუხა, პრემიერმა შეადარა, თუ რა მდგომარეობა იყო 2012-ში და რა არის დღეს, რაც დეპუტატის შეფასებით, პოლიტიკური უსინდისობის მაგალითია:
“2012-ს რომ ვიღებთ ათვლის წერტილად, ავიღოთ 1995 წელი და ვნახოთ, რამდენი იყო სიღარიბე და როგორ მოდიოდა ის თანდათან ქვემოთ. კი, 2012-შიც ქვეყანა იყო ღარიბი და ბავშვები იყვნენ უკიდურეს სიღარიბეში, მაგრამ ტემპი რა იყო ამ სიღარიბის შემცირების, ეს არის მნიშვნელოვანი – უკანასკნელ წლებში სიღარიბის შემცირების ტემპი საგრძნობლად შენელდა და დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახები სულ უფრო მეტად ხდებიან ვალებზე დამოკიდებული. ეს ხდება ზუსტად “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ამაზე ხართ პასუხისმგებელი.
იმის ნაცვლად, ხალხს უთხრათ, დღეს რა პრობლემებიცაა, როგორ გადაიჭრას, გადადიხართ პოლიტიკურ დისკუსიაში, რა იყო 2012- ში და რა არის დღეს. ეს არ სჭირდება ჩვენს მოსახლეობას, მათ სჭირდებათ ახსნა, როდესაც 6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვების მესამედს არ აქვს საკმარისი საკვები, რას აკეთებდა მთავრობა 8 წლის განმავლობაში”, – ამბობს ჭიაბერაშვილი.
ამასთან, “ევროპული საქართველოს” დეპუტატი აღნიშნავს, რომ 13 მაისს ჟურნალ “ლანცეტში” გამოქვეყნდა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მოდელირების შედეგები, რომლის მიხედვით, დაახლოებით 1.2 მლნ ბავშვი დაიღუპება განვითარებად ქვეყნებში მომდევნო 6 თვის განმავლობაში ჯანდაცვის სერვისებისა და საჭმლის მომარაგებაში წყვეტის გამო, რასაც ჩაკეტვის ღონისძიებები იწვევს. კვლევის მიხედვით, ბავშვთა სიკვდილიანობა გაიზრდება 45%-ით, დედათა სიკვდილიანობა კი – 39%-ით:
“რა თქმა უნდა, უდიდესი ნაწილი მოვა ინდოეთზე, ნიგერიაზე ან ბრაზილიაზე, მაგრამ კიდევ გეკითხებით, რას ვეუბნებით ბავშვებს, რომლებიც საქართველოში უკვე იყვნენ სიღარიბეში და დღეს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. სამწუხაროდ, განვლილი სამი თვის განამვლობაში მე არაფერი მომისმენია.
მე არ მომისმენია, რას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო იმ აუცილებელ სერვისებთან დაკავშირებით, რომელიც სჭირდება ყველა ბავშვს აბილიტაცია-რეაბილიტაციის პროგრამაში, რომელთა დიდი ნაწილი ფიზიკური დისტანცირებიდან გამომდინარე შეფერხებულია და რომლის აღდგენა ამ ბავშვებისთვის აუცილებელია.
მე არ მომისმენია არაფერი, გარდა ფულადი გასაცემლისა, რომელიც პრაქტიკულად არაფრის მომცემია იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ, სოციალური გასაცემელი ბოლო 8 წლის განმავლობაშიც გაიცემოდა, მაგრამ 2015 წლის შემდეგ როგორ შებრუნდა სიღარიბე და დაიწყო ზრდა” ,- ამბობს დეპუტატი.
მისი თქმით, მთავრობას ასევე არ ჩაუბარებია მოსახლეობისთვის ანგარიში სკოლებში სანიტარულ ნორმებსა და ჰიგიენასთან დაკავშირებით. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, 2018 წელს გაეროს ბავშვთა ფონდისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ერთობლივი გლობალური ანგარიში – „სასმელი წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სკოლებში“ გამოქვეყნდა:
“ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საჯარო სკოლების 26%-ში არ არის სუფთა სასმელი წყალი, აგრეთვე 26%-ში საერთოდ არ არის საპირფარეშოები, 40%-ში არ არის დაცული სანიტარული პირობები, 88%-ში არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები. გამოკვლეული სკოლების 27%-ში საერთოდ არ არის ხელსაბანი”.
ვსვამ მარტივ შეკითხვას, 27 თებერვალს წავიკითხე ეს ტვ პირეველის ეთერში, სამი თვეა გასული. გამოდით და თქვით, რამდენი სანიტარული კვანძი მოეწყო რამდენ სკოლაში და როგორია ტემპი იმისათვის, რომ ჩვენ თუნდაც სექტემბერში მომავალ სასწავლო წელს შევხვდეთ მომზადებული. მე გაკვირვებული ვარ, რომ თქვენ ამაზე ჯერ არ გისაუბრიათ”, – ამბობს ჭიაბერაშვილი.
ჭიაბერაშვილის საპასუხოდ გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სკოლებში სველი წერტილების არარსებობა სერიოზლი პრობლემაა და სასწავლო პროცესის შეწყვეტის შემდეგ განათლების სამინისტროს დაევალა ამ პრობლემის მოგვარება:
“ისინი მიჰყვებიან ყველა სკოლას, რომ ნორმალური სველი წერტილები იყო სექტემბრისთვის. თუმცა აქვე მინდა გაგახსენოთ, ეს სველი წერტილები ჩვენ აშენებული არ დაგვხვედრია და არ დაგვინგრევია. რაც შეეხება სკოლების რემონტს, სტატისტიკასაც მოგაწვდით, ახალი სკოლები რამდენი შენდება და რემონტი რამდენს უტარდება” ,- ამბობს გახარია.
დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას უსმენენ.
2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში.
„ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, კონკრეტულად 2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით. 2012 წელს საქართველოში სიღარიბე იყო დაფიქსირებული 30 პროცენტზე მეტი. დღეს საქართველოში სიღარიბე არის დაფიქსირებული 19.5 პროცენტი. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში შემცირდა ორჯერ. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ 17 წლამდე ასაკის ბავშვების სიღარიბე შემცირებულია 34.7 პროცენტიდან 25.5 პროცენტამდე. მე არაფერს არ ვიტყვი იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით წელს, პენსია გაიზარდა 20 ლარით. პირველი ივლისიდან, მიუხედავად მძიმე ეკონომიკური კრიზისისა, პენსიის ზრდა გაგრძელდება და გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მივმართეთ ინიციატივით პარლამენტს, რომ პენსიის მუდმივი ინდექსირება მოხდეს ინფლაციის მიმართებით და 70 წელს გადაცილებული პენსიონრებისთვის ამას კიდევ უნდა დაემატოს ეკონომიკური ზრდის პროცენტის 80 პროცენტი. ჩემთვის უკიდურესად მძიმეა ამ თემებზე საუბარი მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, ეს არის საკმარისზე ბევრად ნაკლები, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ჩვენ კრიზისში ვართ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ყველა ამ ციფრის უკან საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიური, მძიმე ცხოვრება დგას.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ბოლო 7-8 წლის განმავლობაში გადავდგით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები იმასთან მიმართებაში, რომ დინამიკა სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით ქვეყანაში თითოეული მოქალაქისთვის იმედის მომცემი მაინც ყოფილიყო. შეგვექმნა უბრალოდ ელემენტარული დინამიკა სიღარიბესთან ბრძოლის კონტექსტში, რომ გვქონოდა გარკვეული პროგრესი მაინც“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.