ახალი ამბები

გახარიას თქმით, სატვირთოს მძღოლები ყველაზე მაღალი რისკის მატარებლები არიან

29 მაისი, 2020 • 800
გახარიას თქმით, სატვირთოს მძღოლები ყველაზე მაღალი რისკის მატარებლები არიან

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ბოლო 24 საათში დაფიქსირებული კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

გახარია გადამზიდავ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ოპერირებენ, ვირუსთან საბრძოლველად შექმნილ საკოორდინაციო საბჭოსთან აქტიური თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს, რათა მათ მუშაობის გაგრძელებაც შეძლონ და, ამავდროულად, იყოს ვირუსის გავრცელების კონტროლი.

გახარიას შეფასებით, ამჟამად სატვირთოს მძღოლები ყველაზე მაღალი რისკის მატარებლები არიან.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი. ჟურნალისტებთან საუბრისას მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ 6 ახალი პაციენტი საკარანტინე ზონიდან იყო, 2 კი- ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან.

სულ საქართველოში კორონავირუსის 746 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 576 გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 გარდაიცვალა. ამასთანავე, კარანტინში იმყოფება 2966 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 250.

მასალების გადაბეჭდვის წესი