ახალი ამბები

კვლევა: საქართველოში მინიმალური ხელფასის შემოღებას 48% ემხრობა

29 მაისი, 2020 • 1429
კვლევა: საქართველოში მინიმალური ხელფასის შემოღებას 48% ემხრობა

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევით, რომელიც საქართველოში მინიმალურ ხელფასს ეხება, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყანაში მინიმალური ხელფასის არსებობას ემხრობა.

კვლევის ავტორების განცხადებით, რესპონდენტთა 48% ამბობს, რომ სრულად უჭერენ მხარს მინიმალური ხელფასის არსებობას, ხოლო 27%-თვის ეს იდეა ნაწილობრივაა მისაღები. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ 12% ამბობს, რომ მინიმალური ხელფასის არსებობას ნაწილობრივ ან სრულად ეწინააღმდეგებიან, რესპონდენტების დაახლოებით იმავე წილმა კი (12%) არ იცის, ან უარს აცხადებს პასუხის გაცემაზე.

რაც შეეხება მინიმალური ხელფასის ოდენობას, იმ რესპონდენტებს, რომლებიც მინიმალური ხელფასის იდეას ემხრობოდნენ, ასევე ჰკითხეს, თუ რას ჩათვლიდნენ გონივრულ ოდენობად სტანდარტული სამუშაო კვირის პირობებში.

კვლევის ავტორების განცხადებით, გამოკითხულებს ნებისმიერი რიცხვის მითითების საშუალება ჰქონდათ. შედეგად, იმ რესპონდენტების 86%-მა, რომლებიც მხარს უჭერდნენ მინიმალური ხელფასის იდეას, ესა თუ ის კონკრეტული თანხა დაასახელა.

“საქართველოს მოსახლეობისთვის მინიმალური ხელფასის საშუალო ოდენობას 854.1 ლარი წარმოადგენს, ხოლო მედიანური მნიშვნელობა 3 800 ლარს უტოლდება. ორივე შემთხვევაში, დასახელებული რიცხვი მინიმალური ხელფასის ამჟამინდელ მაჩვენებელს 40-ჯერ, ხოლო საარსებო მინიმუმის რაოდენობას ოთხჯერ აღემატება” ,- აცხადებენ კვლევის ავტორები.

კვლევის მიხევით, კაცები, თბილისის მცხოვრებლები და ეთნიკური ქართველები, საშუალოდ, მინიმალური ხელფასის უფრო მაღალ ოდენობას ასახელებენ, ვიდრე სხვა ჯგუფების წარმომადგენლები. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, საშუალოდ, კაცები მინიმალური ხელფასის გონივრულ ოდენობად 937 ლარს მიიჩნევენ, რაც ქალების მიერ დასახელებულ მნიშვნელობას 166 ლარით აღემატება.

კვლევის ავტორების თქმით, სქესის მიხედვით განსხვავდება მედიანური მაჩვენებლებიც: კაცებისთვის მინიმალური ხელფასის გონივრული რაოდენობა 800 ლარს, ხოლო ქალებისთვის – 700 ლარს შეადგენს.

ამასთან, რესპონდენტები, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ, საშუალოდ, მინიმალური ხელფასის შედარებით მაღალ მოცულობას მიიჩნევდნენ გონივრულად, ვიდრე სხვა ქალაქების და სოფლის მოსახლეობა:

“თბილისისთვის საშუალო რაოდენობა 934 ლარს შეადგენს, როდესაც ის გაცილებით დაბალია სხვა ქალაქების (834 ლარი) და სოფლების (806 ლარი) წარმომადგენლებისთვის. განსხვავებულია ოდენობები, რომლებსაც ქართველები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ასახელებენ – შესაბამისად, 865 და 755 ლარს” – ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევის ფარგლებში დასაქმებულ რესპონდენტებს ასევე ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდნენ საკუთარ პროფესიაში ხელზე ასაღები ხელფასის ღირსეულ ოდენობაზე. კვლევა აჩვენებს, რომ დასაქმებულები სათანადო ხელფასად საშუალოდ 1 457 ლარს მიიჩნევენ, ხოლო მედიანური მნიშვნელობა 1 000 ლარს უტოლდება.

კლევის ავტორების განცხადებით, ღირსეული ანაზღაურების აღქმა არ იცვლება ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით. ამასთან, კვლევამ დაადგინა, რომ დასაქმებულთა მსგავსად, უმუშევარი რესპონდენტების მიერ დასახელებული ხელფასის ოდენობა არ განსხვავდებოდა ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით.

შედეგად, კვლევის ავოტრების გნაცხადებით,  მინიმალური ხელფასის იდეას საქართველოში მაღალი მხარდაჭერა აქვს და ამ მხრივ სოციოდემოგრაფიულ ჯგუფებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არ იკვეთება. ამასთან, ახალგაზრდები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და უმაღლესი განათლების მქონე პირები შედარებით უფრო მეტად უჭერენ მხარს ამ მოსაზრებას. დასაქმებულები და მაღალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის ადამიანები შედარებით უფრო მეტად ეწინააღმდეგებიან მინიმალური ხელფასის რეგულაციას.

კველევამ ასევე გამოკვეთა, რომ ღირსეული მინიმალური ხელფასის საშუალო აღქმული ოდენობა 854.1 ლარს შეადგენს, რაც დღესდღეობით არსებულ საარსებო მინიმუმს ოთხჯერ, ხოლო მინიმალურ ხელფასს ორმოცჯერ აღემატება. ღირსეული მინიმალური ხელფასის ოდენობა განსხვავებულია სოციოდემოგრაფიული ჯგუფების მიხედვით. კერძოდ, კვლევით, კაცები, თბილისელები და ეთნიკური ქართველები უფრო მაღალ რაოდენობებს ასახელებენ, ვიდრე – ქალები, სოფლის მცხოვრებლები და ეთნიკური უმცირესობები.

დასაქმებული რესპონდენტები საკუთარი პროფესიისთვის საშუალო ღირსეულ ანაზღაურებად 1 457 ლარს მიიჩნევენ. უმუშევრებისთვის ეს მაჩვენებელი 1 288 ლარს შეადგენს. მნიშვნელოვანია, რომ სხვაობა ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით არ ფიქსირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი