ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, EMC შსს-სა და პროკურატურას რეკომენდაციებით მიმართავს. ორგანიზაცია სამინისტროს მოუწოდებს, თემის წევრების მიმართ დანაშაულებზე ეფექტური გამოძიება უზრუნველყოს, ასევე, შეუწყოს ხელი პროკურატურასთან ადეკვატურ კომუნიკაციას; პროკურატურას კი სთხოვს, დროულად აღმოფხვრას თემის წევრებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების გაჭიანურების პრაქტიკა და მათ მიმართ დანაშაულებზე ეფექტური სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება უზრუნველყოს.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საქართველოში იეჰოვას მოწმეების მიმართ 2019 წელს ჩადენილ დანაშაულებსა და მათ მიმართ სახელმწიფოს რეაგირებაზე ინფორმაციას აქვეყნებს. მონაცემების თანახმად, რომელსაც EMC იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს, გასულ წელს თემის წევრების მიმართ რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი 20 დანაშაულებრივი ქმედება გამოვლინდა – იმდენივე, რამდენიც 2018-ში.
არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, 20-დან 8 შემთხვევაში დაფიქსირდა დევნა ძალადობით ან ძალადობის მუქარით, 5 შემთხვევაში- რელიგიური წესის აღსრულების უკანონო ხელშეშლა, 2 შემთხვევაში კი -ცემა. ამასთან, EMC-ის თანახმად, 1 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა თემის წევრის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, ხოლო 3 შემთხვევაში- სხვისი ნივთის დაზიანებას. ამასთან ერთად, დაფიქსირდა თემის წევრის მიმართ მუქარის 1 ფაქტი.
“…იეჰოვას მოწმეთა მიმართ აგრესია უმეტესად კვლავ საჯარო სივრცეში ვლინდება და თემის წევრებს ქუჩაში მსახურების დროს უსწორდებიან. საანგარიშო წელს არ ფიქსირდება თემის წევრების საცხოვრებელ სახლებში შეჭრისა და პირადი ქონების დაზიანების შემთხვევები, თუმცა ადგილი აქვს იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზების დაზიანებას.
წინა წლებისგან განსხვავებით, თემის წევრების მიმართ საჯარო მოხელეებისა და დომინანტი რელიგიური ჯგუფის სასულიერო პირთა მხრიდან ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევები არ ფიქსირდება”,- აღნიშნავს EMC.
ორგანიზაციის შეფასებით, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ბოლო წლებში ინსტიტუციური ცვლილებები განხორციელდა, რაც დადებით როლს თამაშობს გამოძიების პროცესში, თუმცა გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და დაზარალებულის უფლებების რეალიზების კუთხით კვლავ მნიშვნელოვანი პრობლემებია.
იეჰოვას მოწმეთა რელიგიური ორგანიზაციის სტატისტიკური მონაცემებით დგინდება, რომ 2019 წელს თემის წევრების მიმართ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებზე ყველა შემთხვევაში დაიწყო გამოძიება, თუმცა უმეტეს შემთხვევაში კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობა არ განსაზღვრულა. ამასთან, შემთხვევათა დიდი ნაწილი კვალიფიცირდება, როგორც დევნა რელიგიური ნიშნით ან რელიგიური წესის აღსრულების უკანონო ხელშეშლა, თუმცა სხვა დანაშაულებრივ ქმედებებთან მიმართებით კვლავ პრობლემურია სიძულვილის მოტივის გამოკვეთა, რაც დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს.
კონკრეტულ შემთხვევებზე საუბრისას ორგანიზაცია აღნიშნავს ფაქტს, როდესაც ვიდეოჩანაწერზე იყო ასახული, თუ როგორ აზიანებდა სავარაუდო დამნაშავე სალოცავს, თუმცა გამოძიებამ არ უზრუნველყო მისი იდენტიფიცირება.
“არაეფექტური გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, კვლავ პრობლემურია თემის წევრების დაზარალებულად ცნობის საკითხი. კერძოდ, მითითებულ 13 შემთხვევაში არ მომხდარა თემის წევრების/ რელიგიური ორგანიზაციის დაზარალებულად ცნობა, რაც, თავის მხრივ, დაზარალებულ პირს ართმევს სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობისა და გამოძიების მონიტორინგის შესაძლებლობას”, – ვკითხულობთ მიმოხილვაში.
EMC და თავად რელიგიური ორგანიზაცია აღნიშნავენ განსხვავებებსაც სახელმწიფო უწყებების დამოკიდებულებაში. მაგალითად, ხაზგასმულია შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დადებითი როლი ეფექტური გამოძიების წარმოებასა და პოლიციასთან კომუნიკაციაში:
“ორგანიზაციის განმარტებით, დეპარტამენტის ინიციატივით განხორციელდა რელიგიურ ორგანიზაციასთან კომუნიკაცია, გამოიყო საკონტაქტო პირი და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დეპარტამენტის თანამშრომლები უწევენ მონიტორინგს გამოძიების პროცესს. შედეგად, პოლიციის თანამშრომლები გამოკითხვის დროს მაქსიმალურად ზუსტად აფიქსირებენ გამოსაკითხი პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, აგროვებენ მტკიცებულებებს და აღარ გამოხატავენ ნეგატიურ განწყობას თემის წევრების მიმართ”.
EMC-ის ცნობით, განსხვავებული გამოცდილება აქვს იეჰოვას მოწმეთა რელიგიურ ორგანიზაციას გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოსთან ურთიერთობის დროს:
“იეჰოვას მოწმეთა რელიგიური ორგანიზაციის შეფასებით, სამმართველო უმეტეს შემთხვევაში მათ მიმართვებზე და საჩივრებზე არ რეაგირებს და წარდგენილ საჩივრებს უმეტესად საქმის ზედამხედველ პროკურორს უბრუნებს, რაც, რა თქმა უნდა, სამართლებრივი რეაგირების გარეშე რჩება”.