ახალი ამბები

საკონსტიტუციოს მოსამართლის დანიშვნის პროცესი არაკონსტიტუციურია – “ლელო”

29 მაისი, 2020 • 997
საკონსტიტუციოს მოსამართლის დანიშვნის პროცესი არაკონსტიტუციურია – “ლელო”

29 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში პლენუმის სხდომა იმართება. დღის წესრიგით გათვალისწინებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნა. “ლელო” აცხადებს, რომ პროცესი გაუმჭვირვალე და ანტიკონსტიტუციურია. პარტიის წევრებმა სასამართლოს შენობასთან ბრიფინგი ჩაატარეს.

“ეს პროცესი არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ არაერთ პრინციპს და ფუნდამენტურ ნორმას. უმაღლეს სასამართლო თანამდებობაზე ინიშნება ადამიანი და ვინც უნდა დანიშნოს, იმათმაც არ იციან, ვინ არის კანდიდატი. კონსტიტუციაში წერია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე უნდა იყოს მაღალი კვალიფიკაციის და უზადო რეპუტაციის მქონე ადამიანი. არანაირი შემოწმება კვალიფიკაციის და რეპუტაციის არ ხდება”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა და დასძინა, რომ ამ პროცესით დანიშნულ მოსამართლეს არანაირი ნდობა არ ექნება.

ნაცვილიშვილის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ვასილ როინიშვილის დანიშვნა განიხილება.

“ვასილ როინიშვილი 2008-2009 წლებში იყო მთავარი პროკურორის მოადგილე. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს “ქართულ ოცნებას” წინა ხელისფლებიდან გადმობარებული მორჩილი და უსამართლო მოსამართლეები. კიდევ ერთი მითი ინგრევა იმის შესახებ, თითქოს “ქართული ოცნება” რამეთი განსხვავდება წინა ხელისუფლებისგან. ზუსტად ისეთია თვითონაც და უარესი, იმიტომ, რომ გვაჩეჩებს ყალბ სასამართლოს”, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში ვაკანსია 15 ივნისიდან ჩნდება. ამ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადა იწურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი