ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ვერ ავუკრძალავთ ვინმეს საქართველოში სამკურნალოდ გადასვლას – ანქვაბი

28 მაისი, 2020 • 2934
ვერ ავუკრძალავთ ვინმეს საქართველოში სამკურნალოდ გადასვლას – ანქვაბი

დღეს, 28 მაისს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი შტაბის შეხვედრა გაიმართა, სადაც დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ანქვაბი აფხაზი პაციენტების საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის საკითხსაც შეეხო.

“აფხაზეთი ვერ აუკრძალავს მოქალაქეებს საქართველოში სამკურნალოდ გასვლას, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ბავშვებს  ეხება. თუმცა, საქართველოს წესების შესაბამისად, ყველა, ვინც შედის, 14- დღიან კარანტინს გაივლის” , –  განაცხადა ანქვაბმა.

მისივე განმარტებით, ამის შესახებ მოქალაქეებს საშვების გაცემის დროსაც აფრთხილებენ.

26 მაისს აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად გახსნა ენგურის გამშვები პუნქტი. სოხუმის ინფორმაციით, აფხაზურ მხარეს გადასვლას შეძლებენ სამკურნალოდ გასული აფხაზეთის მოქალაქეები.  დღეს, აფხაზური მხარის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, ამ დრომდე უკვე 250-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა შეზღუდვის მოხსნით.

გამშვები პუნქტი ენგურზე საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დადასტურების შემდეგ სოხუმის გადაწყვეტილებით ჩაიკეტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი