ახალი ამბები

ბარათაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება

28 მაისი, 2020 • 796
ბარათაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება

თბილისში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის გამო ბარათაშვილის ხიდიდან ორბელიანის მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ დედაქალაქის მერია ავრცელებს.

თბილისის მერიის განცხადებით, ამ ეტაპზე მოძრაობა ბარათაშვილის ხიდიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით არის აკრძალული. აღნიშნული შეზღუდვა 3 ივნისამდე იმოქმედებს.

დედაქალაქის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ თავისუფლების მოედანზე მოსახვედრად, მძღოლებს შეუძლიათ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით მშრალი ხიდისკენ იმოძრაონ.

ასევე, გადაადგილდნენ ჭანტურიას ქუჩაზე და რუსთაველის გამზირის გავლით თავისუფლების მოედანზე მოხვდნენ. აღნიშნული მარშრუტი, მერიის თქმით, იმოქმედებს უსამართლობით მოძრაობის დროსაც.

ამასთანავე, მოძრაობა თავისუფალი იქნება გმირთა მოედანზე, საიდანაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლები მელიქიშვილის ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გავლით თავისუფლების მოედანზე მოხვედრას შეძლებენ.

თავისუფლების მოედნიდან კი, მერიის თქმით, მოძრაობა დაშვებული იქნება მაჩაბლისა და ასათიანის ქუჩების გავლით, საიდანაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლები ვახტანგ გორგასლის ქუჩისკენ გადაადგილდებიან.

დედაქალაქის მერიაში აღნიშნავენ, რომ სამუშაოების მეორე ეტაპისთვის, რომელიც 3 ივნისიდან 10 ივნისამდე პერიოდში ჩატარდება, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით; მესამე ეტაპზე კი, პირველი ეტაპის მსგავსად, მერიის თქმით, მოძრაობა გადაიკეტება ბარათაშვილის ხიდიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით და აღნიშნული შეზღუდვა 10 ივნისიდან 13 ივნისამდე იმოქმედებს.

რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოების მეოთხე ეტაპს, მერიაში ამბობენ, რომ 13-დან 16 ივნისამდე სატრანსპორტო გადაადგილება შეიზღუდება თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ხიდისკენ მოძრავი ავტომობილებისთვის.

|პროექტის ყველა ეტაპზე ტრანსპორტი იმოძრავებს დაწესებული მარშრუტის შესაბამისად. ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით შპს „ჯი არ ჯი“ ასრულებს. პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ბორდიური, ხოლო ტროტუარი მოპირკეთდება ბუნებრივი ქვის ფილებით. ასევე, შეიცვლება გარე განათების ბოძები, დამონტაჟდება LED განათების სისტემა, ელექტროსადენები კი მიწის ქვეშ მოექცევა”, – აცხადებენ მერიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი