“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” უფროსი ანალიტიკოსი ბესო ნამჩევაძე მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება არასწორია, რადგან შემცირებული მოთხოვნის პირობებში ფასი ისედაც შემცირდებოდა, რაც მოთხოვნას ბაზარზე გაზრდიდა.
საუბარია მთავრობის ახალ გეგმაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 28 მაისს წარადგინა. ამ გეგმის მიხედვით, მთავრობა მოქალაქეებს ხუთი წლის განმავლობაში იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთის 4%-ს დაუფინანსებს. სუბსიდირება შეეხება უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ მხოლოდ იმ სესხებს, რომლებიც 2020 წლის ბოლომდე გაფორმდება.
ნამჩავაძე აცხადებს, რომ მთავრობის მიერ დღეს გახმიანებული გეგმა მიმართულია იქითკენ, რომ ბინები არ გაიაფდეს, ანუ სამშენებლო კომპანიებმა არ იზარალონ:
“იპოთეკური სესხების პროცენტის დაფინანსების გადაწყვეტილება არასწორია. მთავრობამ მხოლოდ გეგმებზე ისაუბრა და არსად თქვა, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი დეველოპერული სექტორისთვის. იმდენად ცუდ მდგომარეობაში არიან, რომ კოტრდებიან?! ანუ რატომ გახდა ეს დახმარება საჭირო. კრიზისის პერიოდში, ბუნებრივია, მოთხოვნა იკლებს როგორც ახლად აშენებულ, ისე ძველ სახლებზეც. თუ ჩვენ საბაზრო პროცესს დავაცდიდით, ფასის კორექტირება მოხდებოდა, რაც ნიშნავს იმას, რომ სახლები გაიაფდებოდა. ეს კი მომხმარებელს ბინის ყიდვაში დაეხმარებოდა. მთავრობამ იგივე გააკეთა, ოღონდ ხელოვნურად. შესაბამისად, მთელი ეს პროგრამა გაკეთდა იმისთვის, რომ სახლები არ გაიაფდეს. ანუ მშენებელმა არაფერი იზარალოს. რა მოგების მარჟაც ჰქონდა, დაახლოებით ისე დარჩეს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიფარა ის ზარალი, რაც შესაძლოა ამ სექტორს მიეღო”.
28 მაისს,პრემიერის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განმარტა, რომ პირველი ხუთი წელი მსესხებელს ყველაზე მაღალი საპროცენტო ხარჯი აქვს. გახარიას აზრით კი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების სუბსიდირება ბაზარზე მოთხოვნის სტიმულირებას შეუწყობს ხელს.
ნამჩავაძეს მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებით მთავრობამ კრიზისულ პერიოდში იპოთეკური სესხების აღება წაახალისა, რადგან ამ ტიპის სესხები მომხმარებლებისთვის გაიაფდა. მთავრობის მოლოდინით, იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-იანი სუბსიდირებით ლარში გაცემულ სესხების განაკვეთი დაახლოებით 7%-მდე უნდა ჩამოვიდეს.
“ხუთი წელი რატომ ვასუბსიდირებთ იპოთეკურ სესხს? როცა 2021 წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გვაქვს და დაახლოებით 2022 წლისთვის ეპიდემიის დაწყებამდე არსებულ სიტუაციას უნდა დავუბრუნდეთ? სამშენებლო სექტორზე როცა ვსაუბრობთ, 2017-2018 წლებში, როცა სამშენებლო რეგულაციები და სესხების გაცემა გამკაცრდა, 10%-იანი კლება იყო ამ სექტორში. მაშინ დახმარებაზე არც იყო საუბარი, რადგან რეგულაციები მთავრობის გადაწყვეტილებით დაწესდა. ახლა რა ხდება, 10%-ზე მეტი კლებაა მოსალოდნელი?! ან ნაღდი ფულის კრიზისი აქვს და მშენებლობების გაგრძელება აღარ შეუძლია?! ანუ რატომ არის საჭირო ამ დონის ჩარევა, ეს კითხვები არსებობს”.
პრემიერმა 28 მაისს ასევე თქვა, რომ მთავრობა არა სამშენებლო კომპანიებს, არამედ იქ დასაქმებულ 120 ათასზე მეტ ადამიანსა და მათ ოჯახებს ეხმარება: “მშენებლობა და დეველოპმენტი იყო ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი და გარდა იმისა, რომ ამ სექტორში სრულად პირდაპირ დასაქმებულია 120 ათასი ადამიანი, ირიბად დაახლოებით ამდენივეა დასაქმებული. მასზეა დამოკიდებული ისეთი წარმოებები, როგორიც არის სამშენებლო მასალების, ავეჯის წარმოება, სარემონტო სამუშაოები, სხვადასხვა სახის ტექნიკით და აღჭურვილობით ვაჭრობა. ეს არ ნიშნავს მხოლოდ სამშენებლო კომპანიების და დეველოპერი კომპანიების დახმარებას, ეს ნიშნავს ჩვენი მოქალაქეების დახმარებას.”
ნეტგაზეთის კითხვაზე, როგორ უნდა დახმარებოდა სახელმწიფო სხვა გზით სექტორს, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია ქვეყნაში, ბესო ნამჩავაძე გვპასუხობს, რომ მთავრობას შეეძლო გადასახადების მიმართულებით დახმარებოდა, რაც სამშენებლო ბიზნესს ხარჯებს შეუმცირებდა.
“აქ მნიშვნელოვანია, როგორ დავეხმარებით… ან სხვა სექტორებმა რა დააშავეს. 78 ათასამა ადამიანმა დაკარგა სამსახური, ეს ოფიციალური მონაცემებია, ვინც 200- ლარიანი დახმარება მოითხოვა. ერთი ამდენი და მეტი იქნება, რომლებიც ვერ ასაბუთებენ, რომ სამსახური დაკარგეს. არ ვამბობ, რომ სექტორს არ უნდა დაეხმარო, თუმცა მნიშვნელოვანია, როგორ დაეხმარები. იგივე გადასახადების მიმართულებით რომ დახმარებოდნენ ბიზნესს, წარმოების ხარჯები დაეზოგებოდა. ანუ როცა ბინის გასაყიდი ფასი ობიექტურად შემცირდებოდა, რადგან მოთხოვნაა შემცირებული, მათ ნაკლები დანაკარგები ექნებოდათ, იმიტომ, რომ ხარჯებიც შემცირებული ექნებოდათ. საბაზრო მექანიზმი სწორედ ესაა, რომ ბინის ფასი კლებას დაიწყებდა და ამის ხარჯზე აღდგებოდა გაყიდვებიც. ეს არის ჯანსაღი პროცესი…
მთავრობა არც მალავს, რომ სუბსიდირებაში შევდივარ იმიტომ, რომ ფასებმა არ დაიწიოს. ისინი ფასების კორექტირების ტერმინს იყენებენ… ლობი ჰყავს სამშენებლო სექტორს, რომელიც მთავრობასთან ლობირებენ, რადგან უნდათ, რომ ისევ ბევრი ფული დარჩეთ. ეს არის რეალობა და მიიღეს საუკეთესო პაკეტი თავისთვის. პრინციპში, არც ისე საუკეთესო, რადგან მოკლევადიანი ხედვა აქვთ, რადგან როცა სექტორში არაჯანსაღად ერევი, მერე შესაძლოა პრობლემები იყოს. თუმცა, ალბათ, მერეც მთავრობის იმედზე არიან. ამას გარდა, ამ პროგრამით ბაზარზე იქნება ბევრი რისკიანი გაცემული სესხი, რომელიც მომავალში ხალხმა შესაძლოა მაინც ვერ დაფაროს. ვგულისხმობს იმ ადამიანებს, რომლებიც ბინის შეძენას არ აპირებდნენ, თუმცა იაფი სესხის გამო ეს გააკეთონ”.
სესხების პროცენტის სუბსიდირების გარდა, მთავრობა იპოთეკურ სესხებზე გარანტიასაც გასცემს, რათა პირველადი შენატანების თანხა არ გაიზარდოს. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ამ ღონისძიებაზე ბიუჯეტიდან 14 მლნ ლარი დაიხარჯება. ნამჩავაძე მიიჩნევს, რომ დეველოპმენტისთვის შეთავაზებული სუბსიდირების პროგრამა წინაარჩევნო მიზნებს ემსახურება, რადგან ელექტორატზე ამ გადაწყვეტილებას დადებითი გავლენა ექნება. ნამჩავაძე ნეტგაზეთს ეუბნება, რომ ადამიანთა უმრავლესობა სახელმწიფო ხარჯების დეტალურ ანალიზს არ აკეთებს და მსგავსი პროგრამები მათ, როგორც წესი, მოსწონთ ხოლმე.
“ადამიანები, რომლებიც სუბსიდირებას მიიღებენ, გახარებული იქნებიან… მათ კი, ვისაც ეს დახმარება არ შეეხება, ნეიტრალურადაა განწყობილი, ან ფიქრობს, რომ კარგია, როცა ვიღაცას დაეხმარნენ სახლის ყიდვაში. ანუ ძირითადად ელექტორატზე ამას დადებითი გავლენა ექნება.”