ახალი ამბები

ლუგარის ცენტრის ინსპექტირება დასაშვებია მხოლოდ საერთაშორისო მეთვალყურეობით – ბურჯანაძე

28 მაისი, 2020 • 1309
ლუგარის ცენტრის ინსპექტირება დასაშვებია მხოლოდ საერთაშორისო მეთვალყურეობით – ბურჯანაძე

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის აზრით, ლუგარის ლაბორატორიის ინსპექტირება მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო მეთვალყურეობით უნდა შესრულდეს და არა რუსეთის პირდაპირი ჩარევით.

“როდესაც ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, ბუნებრივია, აქ ნორმალურ თანამშრომლობაზე, ნორმალურ ინსპექტირებაზე და ურთიერთინფორმაციის გაცვლაზე ლაპარაკი ძალიან რთულია. ნებისმიერი ის საკითხი, რომელიც ეხება, ვთქვათ, ამ ტიპის ინსპექტირებას, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო მეთვალყურეობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების და არა პირდაპირი ჩარევის განხორციელებით უნდა იყოს შესრულებული”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველო, როგორც ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის პასუხიმგებელი წევრი, მზად არის, მიიღოს კომპეტენტური რუსი ექსპერტები, რომლებსაც გააჩნიათ დაშვება შესაბამისი უსაფრთხოების ლაბორატორიების ინფრასტრუქტურაზე. თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ ხსენებული ვიზიტები შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმების შესაბამისად.

რუსეთი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ რუსი ექსპერტების ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივ ფორმატში, სხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობის, ასევე, საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლების გარეშე. ამასთან, მოსკოვი ლუგარის ლაბორატორიის ყველა შენობასა და ნებისმიერ დოკუმენტზე დაშვებას ითხოვს.

რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორია თბილისში არაერთხელ გამხდარა რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის სამიზნე. მოსკოვთან დაკავშირებული აქტორები და რუსეთის ოფიციალური უწყებები შეერთებული შტატების მიერ ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე საუბრობენ.

საქართველომ რუსულ მხარეს შესთავაზა, 2018 წლის 14-15 ნოემბერს მსოფლიოს 20 ქვეყნიდან უსაფრთხოებისა და ბიოექსპერტების მონაწილეობით ლუგარის ცენტრში გამართულ საერთაშორისო ვარჯიშში მიეღო მონაწილეობა, რაც ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის შესაბამისად გაიმართა, თუმცა უარი მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი