ახალი ამბები

„პოლიტიკური ბოღმის ელექსირი“ — ბოკერია წულუკიანზე

27 მაისი, 2020 • 1588
„პოლიტიკური ბოღმის ელექსირი“ — ბოკერია წულუკიანზე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ჰკითხა, მზადაა თუა არა გაათავისუფლოს თანამდებობიდან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც „ჩვენი პარტნიორების კრიტიკა მტრული სახელმწიფოს ოკუპაციას შეადარა“. ბოკერიამ წულუკიანს აგრეთვე „პოლიტიკური ბოღმის და სიძულვილის ელექსირი“ უწოდა.

„ბატონო გიორგი, როგორც ბრძანეთ, დასავლელი პარტნიორები საქართველოს მეგობრები არიან და არა ოპოზიციის. იქნებ, ეგ ამბავი თუ ეგრეა, თქვენს გვერდზე რომ ზის, ქალბატონი ცქიტიშვილის გვერდზე, პოლიტიკური ბოღმის და სიძულვილის ელექსირი, ქალბატონი წულუკიანი, მაგას აუხსნათ, იქნებ ეგ და აგერ, ბატონ კაკულიასაც, ეგეთი ევროპა არ გვინდაო.

ახლა რაც შეეხება მე რაც გკითხეთ და რომ დამაბრალეთ უაპელაციოდ, იტყუებიო, ხომ იცით, არ მიყვარს არაფრის თქმა, თუ ხელში არ მიჭირავს საბუთი. წაგიკითხოთ, ლინკი გამოგიგზავნოთ, ტვ პირველზე ამ ელექსირის გამოსვლის? თუ ციტატა წაგიკითხოთ, მაგარი ციტატაა — „თითებს ვიჭამდი, ეს ორი რომ გარეთ გამოუშვეს, უგულავა და ოქრუაშვილი. ზოგი კითხულობს, რა უნდა ვიზეიმოთ 26 მაისს, ვართ კი დამოუკიდებლები? უკვე მივდივარ ჩემს მოხევესთან, ლელთ ღუნიას გულისხმობს, ილია ჭავჭავაძის, რუსეთის იმპერიამ რომ დაანგრია საქართველოს ქვეყანა.

ბატონო გიორგი, მოხსნით ამ მინისტრს ეგეთი სამარცხვინო განცხადებისთვის, რომელიც პირდაპირ უკავშირებს ჩვენი მეგობრების კრიტიკას, რომელსაც რომც არ ეთანხმებოდეთ, მტრული სახელმწიფოს ოკუპაციასთან? მოხსნით? შეგიძლიათ, ახლა უთხრათ, გადაყენებულია თუ არა?“, — განაცხადა ბოკერიამ.

მოგვიანებით, დამაზუსტებელ კითხვებზე პასუხის გაცემისას, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თეა წულუკიანის „დაწინაურებას“ აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი