ახალი ამბები

მოტიკტოკე ბატონის გადასარჩენად მზად ხართ, ადამიანებს ტყვიები დაუშინოთ – ბოკუჩავა გახარიას

27 მაისი, 2020 • 841
მოტიკტოკე ბატონის გადასარჩენად მზად ხართ, ადამიანებს ტყვიები დაუშინოთ – ბოკუჩავა გახარიას

“დღეს რაც არ უნდა ეცადოთ, ამოეფაროთ თეთრ ხალათს და ჩვენი მოქალაქეების უდიდესი თვითშეგნების ხარჯზე ქულები მიიწეროთ, თქვენს სისხლიან ხელებს ვერ დამალავთ”, – მიმართა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რომელიც პარლამენტში კორონავირუსის პანდემიის პერიოდში გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშით წარდგა.

ბოკუჩავას თქმით, გიორგი გახარია არის ჯალათი და “ქართული ოცნების” მმართველობის ყველაზე სისხლიანი დღეების შემოქმედი.

“გასაგებია, რომ დღეს აქ პერსონალურად ცდილობთ, პოლიტიკური ქულები ჩაიწეროთ ექიმების ხარჯზე, რომლებიც ხშირად ხელფასებსაც ვერ იღებენ. თავმომწონედ პოზირებთ, თითქოს დაგვავიწყდა, რომ თქვენთვის ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ჩალის ფასი აქვს და რომ თქვენი მოტიკტოკე ბატონის გადასარჩენად მზად ხართ, ადამიანებს ცხოველებისთვის განკუთვნილი ტყვიები სახეში დაუშინოთ”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან სამი თვე გავიდა და დღემდე საქართველოს არცერთ მოქალაქეს ერთი თეთრის დახმარებაც კი არ მიუღია.

“ეპიდემიას მხოლოდ მოსახლეობის 5% შეხვდა დანაზოგით, 10-დან 7 გამოწვევას საბანკო ვალით შეხვდა. რატომ გათვალეთ თქვენი ე.წ. ანტიკრიზისული გეგმა მხოლოდ მოსახლეობის დაახლოებით 10%-ზე მაშინ, როდესაც 90%-ის უდიდესი ნაწილიც სიღარიბეშია. რატომ თქვით უარი ჩვენს კონკრეტულ შემოთავაზებაზე, რომ 5 000-მდე ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, დაბრუნებულიყო სამშობლოში სრულიად უფასოდ? რატომ არ გაეცით სამთავრობო განკარგულება ეპიდემიის დროს ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე, თუ ნორმალურად მიგაჩნიათ ის, რომ ასეთი კრიზისის დროსაც კი ღარიბაშვილი 100 ათასობით ლარს ძვირადღირებულ საათებში ხარჯავს და გომელაური 2 მილიონ ლარზე მეტს – ავეჯში, კორუმპირებული კალაძე 600 ათას ლარს – გადათხრილი გზების თავიდან გადათხრაში”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.


პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საჯაროდ არ გამოჩენილა, სოციალურ ქსელ tiktok-ში, ბერა ივანიშვილის ვიდეოში გამოჩნდა, რაც ოპოზიციის კრიტიკის საგანი გახდა.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/271263/

მასალების გადაბეჭდვის წესი