ახალი ამბები

დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა – გახარია

26 მაისი, 2020 • 1413
დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ვაზიანის ბაზაზე სამხედროებს მიმართა.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, განსაკუთრებით კი ჯარის წვლილი გამოყო ქვეყნის შედგომ განვითარებასა და უსაფრთხოებაში:

“უდიდესი პატივია, გვქონდეს საშუალება, ჩვენს მოქალაქეებს აქედან მივულოცოთ 26 მაისი. 102 წლის წინ ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. საქართველოს ისტორიაში ეს არის უაღრესად მნიშნვლეოვანი დღე. სწორედ 26 მაისს პირველმა რესპუბლიკამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის შემდგომი ორიენტაცია.

თითოეულ ქართველს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თითოეულ თანამოქალაქეს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს მინდა მივულოცო 26 მაისი უდიდესი რწმენით, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას, წარმატებული სახელმწიფოს შექმნას. მინდა მივულოცო განსაკუთრებით თითოეულ ჯარისკაცს, რომელიც დღეს სამშვიდობო მისიებში ასახელებს ქვეყანას, რომელიც იცავს გლობალურ უსაფრთხოებას და ამით განსაკუთრებული წვლილი შეაქვს მისი სამშობლოს შემდგომ განვითრებასა და უსაფრთხოებაში” ,- ამბობს გახარია.

გიორგი გახარიამ კორონავირუსით შექმნილ ვითრებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სხვა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში საკუთარი წვლილი ქართულმა ჯარმაც შეიტანა და ერთობლივი ძალებით რისკების ლოკალიზება და ეფექტიანი მართვა გახდა შესაძლებელი.

ამასთან, სიტყვით გამოსვლაში გახარიამ იმ გზაზეც ისაუბრა, რომელიც 102 წლის განმავლობაში, პირველი რესპუბლიკიდან დღემდე, საქართველომ განვლო. პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ დროის მანძილზე ყველა თაობას საკუთარი გმირი ჰყავდა ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, შემდეგი თაობების მიზანი კი, მისი თქმით, წარმატებულ და ეფექტურ სახელმწიფოდ ქცევა უდნა იყოს:

“102 წლის წინ, როცა ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, მას შემდეგომ ბევრი თაობები ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განხორციელებისთვის იბრძოდნენ, შრომობდნენ. ზოგიერთმა მათგანმა და ბევრმა ამ ბრძოლას სიცოცხლე შესწირა. ყველა თაობას საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისთვის ჰყავდა თავისი გმირი. ჩვენ უდიდესი პატივი უნდა მივაგოთ ამ ადამიანებს და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მათი სახელები.

საქართველო დღეს თავისუფალია და ეს არის მათი დამსახურება, მაგრამ ჩვენი დამსახურება უნდა იყოს, რომ საქართველო გახდეს წარმატებული და ეფექტიანი სახელმწიფო და დღეს საქართველოს ჯარს ამ ფუნქციის, ამ მისიის შესრულებაში უდიდესი როლი აქვს. დღეს, როდესაც სამყარო გლობალური პანდემიის წინაშეა და არავინ იცის, მსოფლიო ხვალ როგორი იქნება, ჩვენი ერთიანობა, ჩვენი ჯარის წარმატება არის გარანტი ჩვენი ქვეყნის უსაფრხოების, მისი ევროატლანტიკური ორიენტაციის, ჩვენი ეფექტური თანამშრომლობის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირსა და ნატოსთან და საქართველოს ჯარს ამაში აქვს უდიდესი ფუნქცია და ყველაზე დიდი მნიშვნელობა” ,- ამბობს პრემიერი.

მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლა არ დასრულებულა, თუმცა ამას ქვეყანამ მშვიდობიანად და შრომით უნდა მიაღწიოს:

“ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ჩვენი ყველას მიზანია ქვეყნის გამთლიანება, მაგრამ ჩვენ ყველას გვესმის, რომ ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ მშვიდობიანად და შრომით. ჯარმაც ამ შრომაში უნდა შეიტანოს თვისი დიდი წვლილი.

ჩვენ, ჩვენი ქვეყნის წარსულზე, ტრადიციებზე დაყრდნობით და მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გათვალისიწნებით, უნდა ვიყურებოდეთ წინ და თანამედროვე ქართული ჯარი აძლევს უდიდეს მაგალითს ყველას სხვადასხვა მიმართულებით, თუ როგორ უნდა ვიყოთ მობილიზებულები, როგორ უნდა ვიყოთ წარმატებულები და როგორ უნდა ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს ეფექტურად. არ არსეობს იმაზე უფრო დიდი მსახურება, ვიდრე უანგაროდ ემსახურო შენს სამშობლოს. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ, რომ ჩვენ ყველას შეგვეძლოს გვეთქვას, რომ შევიტანეთ ჩვენი წვლილი ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და გაერთიანებაში”, – ამბობს გახარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი