ახალი ამბები

“ამ ეტაპზე საქართველოში ინფექციის ზრდას არ ველით” – ტიკარაძე

25 მაისი, 2020 • 986
“ამ ეტაპზე საქართველოში ინფექციის ზრდას არ ველით” – ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა მოსალოდნელი არ არის, თუმცა კვლავ რჩება რამდენიმე მწვავე წერტილი, სადაც ინფექციის გადაცემა მიმდინარეობს:

“დღევანდელი მდგომარეობით რეალურ დროში ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი არის 0.59, რაც, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმაზე, რომ ამ ეტაპისთვის ჩვენ, საქართველოს მასშტაბით ინფექციის ზრდას არ ველით. თუმცა თქვენთვის ცნობილია, რომ ჩვენ გვაქვს რამდენიმე მწვავე წერტილი, სადაც მიმდინარეობს ინფექციის გადაცემა და ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან მუდმივ რეჟიმში ხდება ამ რეგიონების შესწავლა.

ასევე ხდება მოქალაქეების გამოკვლევა და მათი აქტიური ტესტირება, რის შედეგადაც მოლოდინი არის, რომ გარკვეული ინფიცირებულები კვლავ გვეყოლებიან. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ სრულად ლოკალიზებული გვაქვს ეს ტერიტორიები, საქართველოს მასშტაბით ინფექციის გავრცელების მოლოდინი და რისკები არის მინიმალური”, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე “რუსთავი 2-თან”.

მინისტრის თქმით, ეპიდემიოლოგები ვითარებას მთელი ქვყენის მასშტაბით აკვირდებიან და გარკვეული რეგულაციები სწორედ ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად არის დატოვებული, ვინაიდან დაავადება ინფიცირებიდან 2 კვირის ვადაში ვლინდება:

“ორი კვირის შემდეგ ჩვენ გვექნება უფრო ზუსტი სურათი იმის შესახებ, თუ რამდენად მოხდა საქართველოს მასშტაბით ვირუსის გავრცელების ჯაჭვის სრული აღმოფხვრა. ამისთვის საჭირო არის ორი საინკუბაციო პერიოდი, რომ ჩვენ გვქონდეს უკვე სრულიად მტკიცებულებით იმის თქმის საშუალება და უფლება, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელება აღარ მიმდინარეობს და ჩვენ არ ველოდებით იმ მოსალოდნელ მეორე ტალღას” ,- ამბობს მინისტრი.

თუმცა მეორე ტალღასთან დაკავშირებით მინისტრი აღნიშნავს, რომ, მაღალი ალბათობით, მეორე ტალღის მოლოდინი შემოდგომაზეა მოსალოდნელი. ტიკარაძის თქმით, ზაფხულის პერიოდში მოსალოდნელია გარკვეულ შემთხვევები, მაგრამ მისივე თქმით, ამას არ ექნება ძალიან მაღალი რისკის მაჩვენებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი