25 მაისის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 5 400 000-ს აჭარბებს. ქვეყნების ნაწილი შემთხვევათა შემცირების ტენდენციის გამო შეზღუდვებს ამსუბუქებს, თუმცა რიგ სახელმწიფოებში განსხვავებული ვითარებაა.
ვირუსის დადასტურებული შემთხვევებით ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ პირველ პოზიციაზეა. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით 1 600 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 100 000-ს უახლოვდება. საერთო სურათის მიხედვით, ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების მაჩვენებელი იკლებს და რიგი შტატები შეზღუდვებს ამსუბუქებენ, თუმცა ყოველდღიურად ისევ ფიქსირდება ათასობით შემთხვევა. ინფიცირებულთა რაოდენობით პირველი ნიუ-იორკია, მას მოსდევს ნიუ-ჯერსი და ილინოისი.
გასულ კვირას ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ბრაზილიამ მეორე ადგილზე გადაინაცვლა მსოფლიოს ქვეყნებს შორის. ის ვირუსის გავრცელებით პირველია სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე. ბრაზილიის ჯანდაცვის უწყების ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 360 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რიცხვი კი 22 600-ს აღემატება. აღნიშნულის ფონზე, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ბრაზილიიდან აშშ-ის მიმართულებით მოგზაურობა აკრძალა.
რუსეთში, რომელიც ვირუსის გავრცელებით მესამე პოზიციაზეა, ინფიცირებულთა რაოდენობა 25 მაისს 8 946-ით გაიზარდა, რის შემდეგაც ჯამურმა რიცხვმა 353 427-ს მიაღწია. დაღუპულია 3 633 პირი. ქვეყანაში ვირუსის ახალ შემთხვევათა რიცხვი მცირდება, თუმცა შეიმჩნევა დაღუპულთა რიცხვის ზრდა. მედიის ცნობით, ხელისუფლება უარყოფს ცნობებს ციფრებით მანიპულირების შესახებ და ხაზს უსვამს, რომ ვირუსით დაღუპულთა რიცხვი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოს მასშტაბით.
ახალი კორონავირუსის შემთხვევების კლების სტატისტიკა ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთშიც შეინიშნება, სადაც შეზღუდვებს ამსუბუქებენ. ბრიტანეთში გარდაცვლილთა რიცხვმა 36 000-ს გადააჭარბა. ქვეყნის კლინიკებში პაციენტების განთავსების სტატისტიკა იკლებს. მთავრობის თანახმად, სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს საზოგადოებრივ პარკებს, თუმცა სახელმწიფო კვლავ აფრთხილებს მოქალაქეებს 2-მეტრიანი დისტანციის დაცვის აუცილებლობაზე.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანა ტურისტებისთვის საზღვრებს ივლისიდან გახსნის, თუმცა, შესაბამისი უსაფრთხოების ზომების დაცვის პირობებში. 8 ივლისიდან ქვეყნის საფეხბურთო ლიგაც განაახლებს აქტივობებს. ქვეყანაში ვირუსის გავრცელების სტატისტიკაც იკლებს. გარდაცვლილთა რიცხვით, რომელიც 28 000-ს აღწევს, ესპანეთი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მძიმედ დაზარალებულ სახელმწიფოდ მიიჩნევა COVID-19-სგან.