სანანგებო მდგომარეობის დასრულებასთან ერთად, საქართველოში კვლავ იმოქმედებს ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვა, თუმცა ზოგი მოიხსნება.

მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 23 მაისიდან იხსნება შემდეგი შეზღუდვები:

  • ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილების შეზღუდვა, გარდა ტაქსით გადაადგილებისა;
  • ე.წ. კომენდანტის საათი;
  • დასაშვები გახდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შეკრება და მანიფესტაცია;
  • დასაშვები გახდა უნივერსიტეტში პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაოებისა და გამოცდების ჩატარება არადისტანციურად (ფიზიკურად), ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად;
  • გადაადგილების ასაკობრივი შეზღუდვა 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის გაუქმდა;
  • მოიხსნა სასაფლაოების ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა.

ძალაში რჩება შემდეგი შეზღუდვები:

  • ზოგიერთი ეკონომიკური საქმიანობა — რესტორანში, ბარში, კაფესა და ნებისმიერი სახის სასადილოში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურება, ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა, სავაჭრო ცენტრები (ე. წ. მოლები) და ბაზრობები (გარდა ღია აგრარული ბაზრობებისა), სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარება, სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურა/აქტივობები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობა;
  • საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება და სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა;
  • საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით;
  • ტაქსით გადაადგილებისას მძღოლი აღჭურვილი უნდა იყოს პირბადით და დასაშვებია მხოლოდ 2 მგზავრის გადაყვანა, რომლებიც უნდა ისხდნენ მძღოლის უკან;
  • სახმელეთო გზით საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი, საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლების თვითიზოლაციაში, თვითიზოლაციის მიზნით მოწყობილ სივრცესა (ტირპარკსა) და საკარანტინე სივრცეში მოთავსების ვალდებულება;
  • სკოლებმა და უნივერსიტეტებმა სასწავლო პროცესი უნდა განაგრძონ დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით;
  • ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციური ფორმით;
  • კულტურული ღონისძიების ჩატარება დაშვებულია მხოლოდ დისტანციური ფორმით;
  • შეზღუდული რჩება ყველა ტიპის მასობრივი სპორტული ღონისძიება, მათ შორის, შეჯიბრი, სასწავლო-საწვრთნელი პროცესი/შეკრება, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, სპორტის თემასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ტრენინგი, სემინარი ან/და კონფერენცია, გარდა დისტანციური ფორმისა;
  • იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.);
  • დახურულ სივრცეში პირბადის ტარება.