ახალი ამბები

ვაპირებთ საკონსტიტუციოში გასაჩივრებას – ბოკუჩავა ხუნდაძის კანონპროექტზე

22 მაისი, 2020 • 884
ვაპირებთ საკონსტიტუციოში გასაჩივრებას – ბოკუჩავა ხუნდაძის კანონპროექტზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ოპოზიცია აპირებს 30 დეპუტატის ხმა მოაგროვოს და დამტკიცების შემთხვევაში, დიმიტრი ხუნდაძის კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს.

საუბარია ცვლილებების ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება შემზღუდავი საკარანტინო ღონისძიებების გატარება, რომლებიც გულისხმობს გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომისა და სხვა უფლებების შეზღუდვას.

„საქართველოს პარლამენტის წევრებთან ჩვენ ვაპირებთ, რომ დავიწყოთ კონსულტაციები იმისთვის, რომ მოგროვდეს პარლამენტის წევრთა 1/5 – ეს არის 30 დეპუტატი, იმისთვის, რომ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ვინაიდან დროში შეზღუდულად, მაგრამ ეს კანონი მაინც არაკონსტიტუციურია, უფლებრივ და უწყებრივ ნაწილში ის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

იმედი გვაქვს, რომ პარლამენტში იქნება 30 დეპუტატი და პარტიული ინტერესების გარეშე შევიტანთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში. დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ობიექტური მსჯელობის შემთხვევაში ამ კანონს არაკონსტიტუციურად ცნობს“, – ამბობს ბოკუჩავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი