ნეტგაზეთი | აპრილის ბოლოსთვის COVID-ზე ანტისხეულები სტოკჰოლმის მოსახლეობის მხოლოდ 7.3%-ს აღმოაჩნდა აპრილის ბოლოსთვის COVID-ზე ანტისხეულები სტოკჰოლმის მოსახლეობის მხოლოდ 7.3%-ს აღმოაჩნდა – Netgazeti

აპრილის ბოლოსთვის COVID-ზე ანტისხეულები სტოკჰოლმის მოსახლეობის მხოლოდ 7.3%-ს აღმოაჩნდა

შვედეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც აპრილის ბოლომდე პერიოდს მოიცავს, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ანტისხეულები სტოკჰოლმის მოსახლეობის მხოლოდ 7.3%-ს განუვითარდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ The Guardian ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კვლევის შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის მიდგომის ეფექტურობას, რომელიც ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავებას და იზოლაციის მსუბუქი ზომების მიღებას ითვალისწინებდა.

კვლევა შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტომ ჩაატარა. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ანდერს ტიგნელი აცხადებს, რომ სტოკჰოლმის მოსახლეობის რაოდენობა, ვისაც ანტისხეულები განუვითარდა, იმაზე დაბალია, ვიდრე ელოდნენ, თუმცა აღნიშნა, რომ მონაცემები ძველია და ამჟამინდელი ვარაუდით ის 20%-ზე ოდნავ მეტი იქნება.

მიუხედავად ამისა, შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამინისტრო წარსულში აცხადებდა, რომ 1 მაისის მონაცემებით, 25% იქნებოდა იმ მოსახლეობის რაოდენობა, ვინც ახალი კორონავირუსით დაინფიცირდებოდა:

მათემატიკოსი ტომ ბრიტონი შვედურ გამოცემა Dagens Nyheter-თან აღნიშნავს, რომ მონაცემები მოულოდნელი იყო. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ან სააგენტომ დაისახა მიზნად არარეალისტური პროგნოზები, შეიმუშავა, რაც დასაშვებია, თუმცა პროგნოზსა და კვლევას შორის დიდი სხვაობაა, ან მეტი ადამიანი დაინფიცირდა, თუმცა ანტისხეულები მხოლოდ მცირე ნაწილს დარჩა ორგანიზმში.
უფსალის უნივერსიტეტის პროფესორი და ინფექციონისტი ბიორნ ოლსენი კი ე.წ. ჯგუფური იმუნიტეტის შესახებ მიდგომას აკრიტიკებს და საშიშს და არარეალისტურს უწოდებს.

ის, რომ ე.წ. ჯგუფური იმნიტეტის მიღწევა ქვეყნის მთავარი ამოცანა იყო, შვედეთის მთავარმა ინფექციოლოგმაც უარყო. ტიგნელი აღნიშნავდა, რომ შვედეთის მიზანია, იმდენად შეანელოს ვირუსის გავრცელება, რომ ჯადნაცვის სერვისებმა შედეგებთან გამკლავება შეძლოს.

მიუხედავად ამისა, ტეგნელი მიიჩნევს, რომ ქვეყნები, რომლებმაც მკაცრი იზოლაციის ზომები მიიღეს, ვირუსის მეორე ტალღისთვის უფრო მოწყვლადები იქნებიან, რადგან პოპულაციის მცირე ნაწილი იქნება დაავადების მიმართ იმუნური.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.