ახალი ამბები

თუ ვინმეს რამის ბოროტად გამოყენება უნდა, არც კანონი და არც სასამართლო არ სჭირდება – კილაძე

21 მაისი, 2020 • 1188
თუ ვინმეს რამის ბოროტად გამოყენება უნდა, არც კანონი და არც სასამართლო არ სჭირდება – კილაძე

საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე “საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანის უფლებებში არათანაზომიერი ჩარევის საფრთხეები არსებობს. მისივე აზრით, პერლამენტმა ეს რისკები მინიმუმამდე უნდა დაიწყვანოს.

კილაძე კანონპროექტის გნახილვაზე აცხადებს, რომ თუ ხელისუფლებას რამის ბოროტად გამოყენება მოუნდება, ამისთვის არც კანონი და არც სასამართლო დასჭირდება, მაგალითად კი წინა ხელისუფლების მმართველობა მოჰყავს:

“რა თქმა უნდა, არსებობს რისკი ადამიანის უფლებებში არათანაზომიერი ჩარევის. არსებობს გარკვეული საფრთხეები, თუმცა ჩვენ იმიტომ ვართ აქ, რომ დავაზღვიოთ ეს საფრთხეები, რისკები და ერთად მსჯელობით მივიდეთ ისეთ კონდიციამდე, რომ ეს რისკები იყოს მაქსიმალურად დაზღვეული.

თუ რომელიმე კოლეგა მეტყვის, ეს კანონი არ შეიძლება მივიღოთ, რადგან ის შეიძლება ბოროტად გამოიყენოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, ამ კოლეგას მე შემიძლია ვუთხრა, რომ წინა ხელისუფლებას არანაირი კანონი არ მიუღია საერთოდ, ისე აწამეს გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, ასევე მოლაშვილი… ეს არ მომხდარა კანონის საფუძველზე საერთოდ. თუ ვინმეს რამის ბოროტად გამოყენება უნდა, ამისთვის არც კანონი და არც სასამართლო და არც სამართალი სჭირდება. ეს ძალიან მოკლე ხნის წინ ვნახეთ ყველამ.

ამ შემთხვევაში შემოტანილია კანონპროექტი, რომელიც ქმნის საფუძველს ადამიანის უფელებებში ჩარევის. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ეს ჩარევა იყოს თანაზომიერი. საქართველოს პარლამენტი ის უწყებაა, რომელმაც ზედამხედველობა უნდა განახორციელოს, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ბოროტად არ გამოიყენოს ამ კანონით მნიჭებული უფლებამოსილებები”, – ამბობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი.

პარლამენტი “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების პაკეტს, განიხილავს.

კანონპროექტის თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება შემზღუდავი საკარანტინო ღონისძიებების გატარება, რომლებიც გულისხმობს გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომისა და სხვა უფლებების შეზღუდვას. კანონპროექტის ინიციატორები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე. დეპუტატების მიერ კანონპროექტის ინიცირებამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა მიმართავს პარლამენტს, მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც შეზღუდვების აღსრულება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შესაძლებელი იქნება. კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები.

მასალების გადაბეჭდვის წესი