ახალი ამბები

ხუნდაძის თქმით, ევროსაბჭოსთან კონსულტაცია ავიამიმოსვლის შეფერხების გამო ვერ შეძლო

21 მაისი, 2020 • 719
ხუნდაძის თქმით, ევროსაბჭოსთან კონსულტაცია ავიამიმოსვლის შეფერხების გამო ვერ შეძლო

დიმიტრი ხუნდაძემ სალომე სამადაშვილის კითხვაზე, გაიარა თუ არა კონსულტაცია ევროსაბჭოსთან მანამ, სანამ პარლამენტში „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს წარადგენდა, უპასუხა, რომ ვერ გაიარა, რადგანაც ფრენები არ იყო და ბრიუსელში ვერ ჩავიდოდა.

„ვერ გავიარე იმიტომ, რომ ჯერ ერთი, მიმოსვლაა შეფერხებული და ვერ გავფრინდებოდი, მერე შესაძლოა, ვერც ჩამოვფრენილიყავი, არც იმის დრო იყო, რომ მე ამაში კიდევ უფრო ზედმეტი დრო დამეხარჯა, არსებობს კონვენციები, არსებობს საერთაშორისო სამართლის რეგულაციები და სტანდარტები. ეს ჩვენ, ექიმებმა გავითვალისწინეთ, მაგრამ შემდეგ იურიდიული კომიტეტისგან მივიღეთ გარკვეული შენიშვნები და რეკომენდაციები და ავსახეთ ისინი.

კიდევ ერთხელ წაგიკითხავთ: გადაწყვეტილებას ადამიანის იზოლაციის ან კარანტინში მოთავსების შესახებ იღებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა და ჩავწერეთ, ეს არის იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დამსახურება. არ მინდა ეს მივიწერო — ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პრინციპების დაცვით, პირდაპირ წერია. მე მგონი, ამას არ სჭირდებოდა ზედმეტი ვიზიტები სხვაგან“, — განაცხადა ხუნდაძემ.


პარლამენტში ამჟამად განიხილავენ ხუნდაძისა და სხვა პარლამენტარების ცვლილებებს კანონში „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“, რომლის წინააღმდეგაც ოპოზიცია უკვე გამოვიდა.

ცვლილებების თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება შემზღუდავი საკარანტინო ღონისძიებების გატარება, რომლებიც გულისხმობს გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომისა და სხვა უფლებების შეზღუდვას. კანონპროექტის ინიციატორები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე. დეპუტატების მიერ კანონპროექტის ინიცირებამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა მიმართავს პარლამენტს, მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც შეზღუდვების აღსრულება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შესაძლებელი იქნება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი