ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, თუ პარლამენტი დიმიტრი ხუნდაძის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს, რომლითაც მთავრობას უფლება ეძლევა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეზღუდოს კონსტიტუციით გარანტირებული ზოგიერთი უფლება, პარტია მიღებულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
საუბარია “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონში, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე. ბოკუჩავას განმარტებით, მათთვის მიუღებელია ცვლილების ის ნაწილი, სადაც საკარანტინო ღონისძიებების ცნება ფართოვდება.
მოქმედი რედაქციით, საკარანტინო ღონისძიებები არის ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში. კანონპროექტით კი, ზემოაღნიშნულს ემატება ღონისძიებები, რომლებიც გულიხსმობს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის, შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად.
“გასაგებია, რომ პანდემიის ფონზე სხვადასხვა ქვეყანაში შემზღუდავ ნორმებს აწესებენ, თუმცა ყოვლად დაუშვებელია შემოვიღოთ იმგვარი ნორმები, რომლებიც კონსტიტუციასა და საერთაშორისო კონვენციებს ეწინააღმდეგება. ეს კანონი სწორედ ამგვარია. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა მნიშვნელოვანია და ამ მნიშვნელოვანი მიზნის დასაცავად გარკვეული შეზღუდვების შემოღება გასაგებია. მაგრამ როდესაც ამგვარი შეზღუდვების დაწესება უვადოდ და პარალმენტის როლის სრული ნიველირებით ხდება, ამგავარი კანონის მიღება პანდემიასთან ბრძოლის საფარქვეშ მთავრობისთვის ავტოკარატიული უფლებამისილების მინიჭების მცდელობაა.
ამიტომ, ჩვენი კითხვა ასეთია: რამდენად მზად ხართ თქვენ და საპარლამენტო უმრავლესობა, რომ გაიზიაროთ ჩვენი შეთავაზება, მესამე მუხლის “მ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ ეს უვადო შეზღუდვა და მასთან დაკავშირებული კითხვები მოიხსნას. სხვაგვარად, ჩვენი ვალდებულება გვექნება, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს”,-აცხადებს ბოკუჩავა.
19 მარტს ბიურომ დაარეგისტრირა “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების პაკეტი , რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
კანონპროექტის თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება შემზღუდავი საკარანტინო ღონისძიებების გატარება, რომლებიც გულისხმობს გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომისა და სხვა უფლებების შეზღუდვას. კანონპროექტის ინიციატორები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე.