ახალი ამბები

ვამბობდით, რომ ჯანმრთელებს არ გინდათ ნიღაბი, თუმცა კვლევებმა სხვაგვარად აჩვენა – იმნაძე

20 მაისი, 2020 • 2793
ვამბობდით, რომ ჯანმრთელებს არ გინდათ ნიღაბი, თუმცა კვლევებმა სხვაგვარად აჩვენა – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განმარტა, რატომ შეიცვალა რეკომენდაცია პირბადის ტარებასთან დაკავშირებით.

კორონავირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ოფიციალური რეკომენდაცია იყო, რომ ჯანმრთელმა ადამიანმა ნიღაბი უნდა ატაროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალი კორონავირუსით დაავადებულს უვლის. პაატა იმნაძე კი ამბობდა, რომ ნიღაბი ეფექტურია მაშინ, როცა უკეთია ავადმყოფს, მოსახლეობის მიერ კი, ვისაც კონკრეტული დაავადება არ აქვს, ნიღბის ტარება საფრთხილოა.

“ჩვენ მართლა ვამბობდით, რომ ჯანმრთელი ადამიანისთვის ნაკლებად იყო რეკომენდებული პირბადის ტარება და ხაზს ვუსვამდით ხოლმე, რომ უნდა ატაროს ავადმყოფმა ადამიანმა, მაგრამ როდესაც ჩატარდა სათანადო კვლევები შეერთებულ შტატებში, სამხრეთ კორეაში, ჩინეთში, აღმოჩნდა, რომ თუ ავადმყოფს, რომელსაც შეუმჩნეველი სიმპტომები აქვს და საზოგადოებაში გამოდის და უკეთია ნიღაბი, ეს 70%-ზე მეტ გარანტიას იძლევა, რომ ის ვერ გაავრცელებს ამ ინფექციას. მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ თუ ჯანმრთელსაც უკეთია ამავე დროს, მაშინ დაცვა თითქმის 95%-მდე ადის. კი ბატონო, ვამბობდი მე, რომ ჯანმრთელებს არ გინდათ ნიღაბი, სხვათა შორის, სამედიცინო ნიღაბზე ახლაც არ ვამბობ, რომ საჭიროა, საყოფაცხოვრებო სრულიად საკმარისია”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, სწორედ ჩატარებული კვლევების საფუძველზე შეიცვალა პოზიცია.

პაატა იმნაძე, ასევე, ხაზს უსვამს ნიღბის სწორად ტარების აუცილებლობას. ამბობს, რომ პირბადის ტარება აუცილებელია დახურულ სივრცეში და არა ქუჩაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი