საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქვეყნებს კვლევას, რომელიც სასკოლო ასაკის ბავშვებში ჯანმრთელობათან დაკავშირებულ ქცევებს სწავლობს. კვლევა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით 2018 წელს ჩატარდა როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ დონეზე. საქართველოდან კვლევაში 11-დან 15 წლამდე 4 235 ბავშვი მონაწილეობდა. მათ 44 კითხვა დაუსვეს.
კვლევა რამდენიმე ნაწილად იყოფა და ბავშთა ჯანმრთელობის სხვადასხვა ასპექტებს წარმოადგენს, ქცევითი რისკებიდან ფიზიკურ და ფსიქიკურ მიმართულებებამდე.
ქცევითი რისკები მოზარდებში
ქცევის რისკები მოზარდებში
მოწევა
კვლევის თანახმად, 11 წლის ასაკის ყოველი მეათე მოზარდს (23% გოგონა და 19% ბიჭები) უცდია და ერთხელ მაინც მოუწევია ცხოვრების განმავლობაში, ამ მოსწავლეების წილი ასაკთან ერთად მატულობს.
“როგორც მოსალოდნელი იყო, 15 წლის ასაკიდან მოზარდების წილი, რომელიც იწყებს მოწევას, მნიშვნელოვნად გაიზარდა წინა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით. გოგონების 53% და ბიჭების 57% მიუთითებს იმაზე, რომ ახლახან დაიწყეს მოწევა”, – აღნიშნავენ ავტორები.
ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება, ალკოჰოლი
15 წლის ასაკის 28% აცხადებს, რომ მათ სიცოცხლეში ერთხელ მაინც დაულევიათ (ბიჭების 34% და გოგონების 23%). ალკოჰოლის მოხმარება 15 წლამდე ასაკის ბავშვებში საკმაოდ ყურადსაღებია. 11 წლის ასაკში თითქმის ყოველ მეხუთეს და 13 წლის ასაკში ყოველ მესამეს ცხოვრებაში ერთხელ მაინც მიუღია ალკოჰოლური სასმელი. ეს წილი ყველაზე მაღალია 15 წლის ასაკში.
ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაფის გამოყენება
15 წლის ასაკის გამოკითხულთა მხოლოდ 3%-მა მიუთითა კანაფის (მარიხუანის, ჰაშიშის და სხვა) გამოყენებაზე ერთხელ ცხოვრების მანძილზე, ხოლო 2.45% – ბოლო ერთი თვის განმავლობაში. ბიჭები, გოგონებთან შედარებით, 10-ჯერ უფრო ხშირად მოიხმარდნენ მარიხუანას გასული თვის განმავლობაში
ჯანმრთელობა და კეთილდღეობა
“ჯანმრთელობის მდგომარეობის თვითშეფასება ზოგადად ჯანმრთელობის სუბიექტური მაჩვენებელია. მოზარდობის ასაკში ეს ეხება არა მხოლოდ ქრონიკული დაავადების ან შეზღუდული შესაძლებლობის არსებობას ან არარსებობას, არამედ საკუთარი თავის უფრო ზოგად გაგებას”, – აღნიშნულია კვლევაში.
კვლევაში მონაწილე თინეიჯერების უმეტესი ნაწილი ჯანმრთელობას აფასებდა, როგორც საუკეთესოს ან კარგს, შესაბამისად, 40.5% და 42.6%. ავტორთა თანახმად, “ბიჭები უფრო ხშირად აფასებდნენ თავიანთ ჯანმრთელობას, როგორც შესანიშნავი ან კარგი, ვიდრე გოგოები, რომლებიც უფრო ხშირად უჩიოდნენ ჯანმრთელობის სისუსტეს, თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფებში”.
- გამოკითხულთა შორის მოზარდი ბიჭების დაახლოებით 4.7% და მოზარდ გოგონათა 15% წინა ექვს თვეში ერთხელ მაინც აღნიშნავდა თავის ტკივილს.
- გამოკითხულთა დაახლოებით 13%-მა აღნიშნა კუჭის ტკივილის ეპიზოდები, კვირაში ერთხელ ან კიდევ უფრო ხშირად. ბიჭები უფრო ხშირად აღნიშნავენ კუჭის ტკივილის ეპიზოდებს, ვიდრე გოგონები.
- ძილის და დაძინების პრობლემები კვირაში ერთხელ მაინც უფრო ხშირად შეინიშნებოდა გოგონებში, ვიდრე ბიჭებში.
- კბილის ტკივილი, სულ მცირე, კვირაში ერთხელ ან მეტჯერ აღინიშნა მოზარდების 11%-ში, განსაკუთრებით მაღალი პრევალენტობით -ქალაქის მცხოვრებთა შორის.
11 -15 წლის ასაკის მოზარდების დაახლოებით 43%-მა აღნიშნა, რომ მრავლობითი ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ კვირაში ერთხელ მაინც.
შედეგებით ასევე იკვეთება, რომ კვლევის მონაწილე მოზარდების 10% აქტიურად ცდილობს წონის დაკლებას, წონის კონტროლის ქცევა ასაკთან ერთად იზრდება ისე, რომ 15 წლის გოგონების ერთი მესამედი (39%) წონის დაკლებას ცდილობს.
“კვლევის მონაწილე ბიჭების 3% და გოგონების 2% აცხადებს, რომ ისინი ძალიან მსუქნები არიან. მოზარდთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ კმაყოფილია საკუთარი სხეულის წონით, ბიჭების 54% და გოგონების 50% ამბობს, რომ მათ ნორმალური წონა აქვთ.
სხეულის ჭარბი წონის აღქმა ასაკთან ერთად შეიცვალა და უკვე 15 წლის ასაკში, 11 წლის, 13 წლის და 15 წლის სამი ახალგაზრდადან ერთი ამბობს, რომ ძალიან ჭარბწონიანია. უფრო მეტიც, ამ ასაკობრივ ჯგუფში მოზარდთა დაახლოებით 14.5% დიეტაზე იმყოფებოდა ან წონის დასაკლებად სხვა ზომებს მიმართავს”, – აღნიშნავენ ავტორები.
კვლევის ავტორთა თქმით, სხეულის წონით და გარეგნობით უკმაყოფილება და დაბალი თვითშეფასება გავლენას ახდენს ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე და ხელს უწყობს დეპრესიის, ფსიქოსომატურ და კვების დარღვევებს და რისკის შემცველ ქცევას.
ფსიქიკური ჯანმრთელობა
კვლევის თანახმად, მოზარდების ზრდასრულ ასაკში გადასვლასთან ერთად ფსიქიკური კეთილდღეობა კლებულობს. იზრდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩივილები, ცხოვრებით უკმაყოფილება და, შესაბამისად, საკუთარი ჯანმრთელობის შეფასება ხდება, როგორც საშუალო, ან ცუდი.
ახალგაზრდების უმრავლესობამ აჩვენა მაღალი კმაყოფილება (76%), მოზარდების 40% აცხადებს, რომ მათი ჯანმრთელობა “შესანიშნავია”, ხოლო 43% -მა უწოდა მის ჯანმრთელობას “კარგი”.

ცხოვრებით კმაყოფილება: კმაყოფილი თინეიჯერების წილი ასაკისა და სქესის მიხედვით
ავტორთა თანახმად, “უგუნებობა”, სულ მცირე, კვირაში ერთი დღე აღნიშნა ბიჭების 15%-მა და გოგონების 24% მა, 11-15 წლის ასაკობრივ ჯგუფში.
გაირკვა, რომ მოზარდთა 11.5% წინა კვირაში ცუდ გუნებაზე იყო. 11 -15 წლის ასაკის დაახლოებით 13% ამბობს, რომ თავს მარტოსულად გრძნობს. ეს პროცენტი იზრდება ასაკობრივ ჯგუფებში, 15 წლის ასაკის დაახლოებით 17% ამბობს, რომ თავს მარტოსულად გრძნობს; პროცენტული განსხვავებებია სქესის, ასაკისა და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მოსწავლეთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ დილით იღვიძებს კარგ გუნებაზე, მხნედ და მშვიდად, მხოლოდ ბიჭების 8%-მა და გოგონების 10.3%-მა აღნიშნა, რომ ხშირად არიან განერვიულებული. თუმცა თინეიჯერების უმეტესი ნაწილი ამბობს, რომ იშვიათად აქვთ მსგავსი პრობლემები.
დაახლოებით 1.5 % და 1.3 % გოგოების აქვთ ნერვული აგზნებადობა და ცუდი განწყობა, იგივე პროცენტი იყო ბიჭებშიც. გოგოების 1% და ბიჭების 0,8% გრძნობდა თავს ნერვულად ყოველდღე. თინეიჯერების ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ “ბედნიერი”, “მხიარული” და “კარგ განწყობაზეა”, ასევე, “მხნე” და “ენერგიით სავსე”.
11-15 წლის ასაკის 55% -მა განაცხადა, რომ თავს მშვიდად გრძნობს და “ფსიქიკურად დაბალანსებულია”. 15 წლის ასაკის გამოკითხულთა 44% –მა განაცხადა, რომ მსგავსად გრძნობს თავს.
ქრონიკული მდგომარეობები
კვლევაში გამოიკვეთა, რომ 11-15 წლის მოზარდების 7%-ს აქვს ქრონიკული დაავადება, ინვალიდობა. უფრო მეტიც, მოზარდების 6.1% მედიკამენტებს ღებულობდა ქრონიკული დაავადების გამო. შემთხვევების 3.1%-ში დაავადებებმა გავლენა მოახდინა სკოლაში დასწრებაზე და სასწავლო პროცესში მონაწილეობაზე.
პირის ღრუს ჰიგიენა
გამოკვლევით დადგინდა, რომ ახალგაზრდების 54% დღეში ერთხელ იხეხავს კბილებს.
ფიზიკური ძალადობა და ბულინგი
რესპონდენტთა 36.9%-მა აღნიშნა, რომ იგი ჩართული იყო ერთჯერ და უფრო მეტად ფიზიკურ ძალადობაში ბოლო 12 თვის მანძილზე. ბიჭებმა ასევე აღნიშნეს, რომ ისინი უფრო ხშირად არიან ჩართული ფიზიკურ ძალადობაში, ვიდრე გოგონები.
კვლევაში მონაწილეთა 36.9% ჩართული იყო მრავალჯერ ფიზიკურ აგრესიაში ბოლო ერთი წლის მანძილზე. ბიჭების ჩართულობა ფიზიკურ ძალადობაში იზრდება ასაკთან ერთად.
მოზარდთა 17% აღიარებს, რომ მათ მიუღიათ ბულინგში მონაწილეობა, მაგალითად, დაუჩაგრავთ სხვები ერთხელ ან ორჯერ ბოლო თვის განმავლობაში. კვლევაში მონაწილეთა 14 %-მა აღნიშნა, რომ ყოფილან ბულინგის მსხვერპლნი ერთხელ მაინც ბოლო თვეების განმავლობაში.
15 წლის ასაკის მოზარდთა შორის (27%) ბულინგის შემთხვევები უფრო მაღალია, ვიდრე 11 და 13 წლის ასაკის მოზარდები (35% და 38% შესაბამისად). 15 წლის ასაკის გოგონებში ბულინგის მსხვერპლთა შემთხვევები უფრო მაღალია, ვიდრე ბიჭებში (29% შესაბამისად24%). გოგონათა 5 % და ბიჭების 17 % აღნიშნეს, რომ მათ მონაწილეობა მოუღიათ ბულინგის გამო ფიზიკურ ძალადობაში.
სასკოლო გარემო, სხვა ფაქტორები
სკოლა
კვლევის თანახმად, კვლევის მონაწილეთა 47% -ს მოსწონს სკოლა, მაგრამ ეს წილი ასაკთან ერთად მცირდება. მოსწავლეთა 6% აცხადებს, რომ ისინი საკმაოდ დიდ ზეწოლას განიცდიან სკოლაში.
ზოგიერთმა მოსწავლემ განაცხადა, რომ მეტად გადატვირთულია სკოლაში. გაირკვა, რომ გადატვირთული იყო 11 წლის ასაკის 27%, 13 წლის ასაკის 35,5%, 15 წლის ბავშვების 34%.
ოჯახი
მოზარდების 66.7% -მა აღნიშნა, რომ მათ ოჯახის წევრების მხრიდან ემოციური მხარდაჭერა აქვთ და ხშირად გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარებიან. მოზარდების მხოლოდ 9% -მა განაცხადა, რომ ოჯახთან კონფლიქტი აქვს და მათი 11.3% ოჯახიდან თავის დაღწევას ცდილობს. ეს პროცენტი ასაკის მატებასთან ერთად გაიზარდა. საშუალოდ, ბავშვების 62% არ იყო ნამყოფი დასასვენებლად, ან სამოგზაუროდ ოჯახთან ერთად. 11-15 წლის ასაკობრივ ჯგუფში ქალაქში მცხოვრები ბავშვების 54% ერთხელ მაინც იყო წასული სამოგზაუროდ ან დასასვენებლად. ხოლო სოფლად მცხოვრები ბავშვების – 29%.
კვება
კვლევამ აჩვენა, რომ მოზარდების 49.5% ყოველდღიურად საუზმობს. შედარებით უფროსი ასაკის მოსწავლეები რეგულარულად არ საუზმობენ და უმეტესობაა ქალაქის მცხოვრებნი.
ხილს და ბოსტნეულს ყოველდღიურად მოიხმარს კვლევაში მონაწილეთა მხოლოდ 14%. ამასთან, ხილის ყოველდღიური მოხმარება ასაკთან ერთად იზრდება.
კვლევის მონაწილეთა წილი, რომლებიც ყოველდღიურად მოიხმარენ ტკბილეულს და შოკოლადს ან კოლას და სხვა შაქრიან სასმელებს, შესაბამისად, 13% და 9%-ს შეადგენს.
ფიზიკური აქტივობა
კვლევაში გამოიკვეთა, რომ სოფლის მაცხოვრებელნი, ბიჭების დაახლოებით 32% და გოგონების 23%, ბოლო 7 დღის განმავლობაში, სულ მცირე, 60 წუთი ფიზიკური აქტივობით გამოირჩეოდნენ.
ასევე დადგინდა, რომ 11-15 წლის ასაკის 35%-ს ჰქონდა ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა 4-6- ჯერ კვირაში და მეტი, ხოლო 13 ან 15 წლის ასაკში, 30% და 24%.
კვლევა სრულად ხელმისაწვდომია ბმულზე.