ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რიგები სოხუმში რუსული პასპორტების ასაღებად

20 მაისი, 2020 • 1303
რიგები სოხუმში რუსული პასპორტების ასაღებად

იმის მიუხედავად, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ხალხს დისტანციის და სხვა შემზღუდავი ზომების დაცვას მოუწოდებს, თავადვე ქმნის სიტუაციებს, სადაც მოქალაქეები დიდი რაოდენობით იკრიბებიან. ამჯერად, რიგი რუსული პასპორტების ასაღებად და  რუსეთის პენსიის გასაფორმებლად შეიქმნა.

რუსეთის საზღვარგარეთის პასპორტი აფხაზეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს [დაახლოებით, 90%] აქვს, ეს კი მის მფლობელებს საშუალებას აძლევს, რუსეთის ასაკობრივი პენსია მიიღონ.

ხუთწლიანი პასპორტის გასაახლებლად და ახალი პასპორტების მისაღებად დოკუმენტების ჩაბარება და პასპორტების გაცემა ჯერ კიდევ თებერვალში, კარანტინის შემოღებამდე დაიწყო. პროცედურა მრავალეტაპიანია და ხანგრძლივ დროს მოითხოვს. რამდენიმე დღე შესაბამისი ცნობების შეგროვებას და განაცხადის ჩაბარებას სჭირდება. პასპორტის გაცემაც შესაბამისი რეგლამენტით ხდება. 

აფხაზეთში კარანტინის შემოღების შემდეგ აღნიშნული პროცესი შეჩერდა.  ყველა უწყება დაიკეტა და მოქალაქეები ვადაგასული პასპორტებით დარჩნენ.

იმის მიუხედავად, რომ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ვადაგასული პასპორტები და მართვის მოწმობები 2020 წლის პირველ ივლისამდე ძალადაკარგულად არ იქნება მიჩნეული, აფხაზეთის მოქალაქეები მაინც შიშობენ, რომ ვადაგასული დოკუმნეტების გამო შეიძლება რუსული პენსიის გარეშე დარჩნენ.  ამასთან, კანონის მიხედვით, დადგენილია ჯარიმა [5000 რუსული რუბლი – დაახლოებით, 60 ევრო]  მათთვის, ვინც დროულად არ გამოცვალა პასპორტი.

შესაბამისად, 18 მაისს, კარანტინის მოხსნის შემდეგ, ხალხი საპასპორტო განყოფილებას მიაწყდა. ბევრი მათგანი სოხუმში პასპორტის შესაცვლელად სოფლებიდან ჩამოდის და რიგს იკავებს.

კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის პირობებში შექმნილი რიგების გამო სოციალურ ქსელში აფხაზი მომხმარებლის მხრიდან დე ფაქტო ხელისუფლების კრიტიკა მოჰყვა.

რიგი სოხუმში რუსული პასპორტის ასაღებად; ფოტო: ნეტგაზეთი

 

რიგი სოხუმში რუსული პასპორტების ასაღებად; ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი