ახალი ამბები

20 ივნისს ივანიშვილს, კარგი გაგებით, დავაშვებინეთ შეცდომა, მან გაისროლა – ოქრუაშვილი

20 მაისი, 2020 • 1241
20 ივნისს ივანიშვილს, კარგი გაგებით, დავაშვებინეთ შეცდომა, მან გაისროლა – ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებში “ივანიშვილს, კარგი გაგებით, შეცდომა დააშვებინეს”. ამის შესახებ ოქრუაშვილმა გუშინ, 19 მაისს, “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “ღამის მთავარი” ისაუბრა:

“მე ვთვლი, რომ “გავრილოვის ღამე” იყო გარდამტეხი მომენტი და, ასევ თქვათ, წელში გადამტეხი მისთვის [ბიძინა ივანიშვილისთვის]. საერთოდ იქიდან დაიწყო ყველაფერი, მისივე დაღმასვლა. მან დაუშვა კატასტროფული შეცდომა და ერთ რამეს ვიტყვი ყოველგვარი ტრაბახის და დაკნინების გარეშე, რომ ეს შეცდომა ჩვენ, კარგი გაგებით, მას დავაშვებინეთ. მან გაისროლა. ყველაზე დიდი შეცდომა მისი მხრიდან იყო, რომ გაისროლა”, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

ჟურნალისტ ეკა კვესტაძის რეპლიკაზე, რომ 20 ივნისის ღამეს მოქალაქეები დაზარალდნენ და ოქრუაშვილის სიტყვები -“დავაშვებინეთ შეცდომა” – შეიძლება სხვანაირად იყოს ინტერპრეტირებული, ოქრუაშვილმა უპასუხა, რომ შეცდომის დაშვებინებაში არ გულისხმობს მხოლოდ ოპოზიციურ ლიდერებს, არამედ მთელ საზოგადოებას:

“ეს არის უპატიებელი შეცდომა, რომელიც სწორად იქნა შეფასებული საზოგადოების მხრიდან. დავაშვებინეთ შეცდომაში მე არ ვგულისხმობ პოლიტიკოსების ქმედებას. მე ვგულისხმობ საზოგადოების ქმედებას მთლიანად. ის, რომ მას არ მივეცით საშუალება, რომ ამ ადამიანის [გავრილოვის] წითელი ხალიჩით მიღება მოეწყო პარლამენტში და ჩვენი პროტესტის გამოსახატად მივედით იქ, ამას ვგულისხმობ, რომ დავაშვებინეთ შეცდომა.

მას უნდოდა, რომ ზოგადად ესიამოვნებინა რუსეთისთვის, გახსოვთ ლავროვის გზავნილები, რომ რადიკალების რაღაც ჯგუფებმა ხელისუფლება აიძულეს და ა.შ. მას უნდოდა ეჩვენებინა მათთვის, რომ აი, რადიკალები დავსაჯე და თან იმავდროულად მართლა უნდოდა ახალგაზრდების დასჯა იმ გასროლის შედეგად, რომელთაც შეიძლება ხვალ იგივე გაემეორებინათ, იგივე პროტესტი გამოეთქვათ. მაგრამ მან ვერ გათვალა ერთი რამ – ჩვენი ხალხის ხასიათი. ჩვენი ხალხი ასეთი ტიპის მორჩილებას არ არის მიჩვეული”, – განმარტა ოქრუაშვილმა.


საქართველოს ხელისუფლებამ 2019 წლის 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. ხელისუფლების პოზიციაა, რომ მომიტინგეები პარლამენტში გეგმავდნენ შეჭრას და პოლიციამ რეზინის ტყვიები კანონის ფარგლებში გამოიყენა.

პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა, 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი