ახალი ამბები

თბილისსა და რუსთავს შორის ავტობუსი ივლის – კალაძე

20 მაისი, 2020 • 3554
თბილისსა და რუსთავს შორის ავტობუსი ივლის – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მერია გეგმავს, რომ თბილისსა და რუსთავს შორის მოქალაქეებმა მუნიციპალური ტრანსპორტით, ავტობუსით გადაადგილება შეძლონ.

„მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მინდა საზოგადოებას გავაცნო – თბილისსა და რუსთავის კავშირი. დღის განმავლობაში 30 ათასი ადამიანი გადაადგილდება ამ მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით ამ ადამიანების გადაადგილება“, – ამბობს კალაძე.

დღევანდელ ბრიფინგზე მან განმარტა, რომ რუსთავი-თბილისის მიმართულებით ბევრი სტუდენტი გადაადგილდება, რომელთათვისაც ეს მარშრუტი ახლა პრობლემურია. დღესდღეობით ამ მიმართულებით სამარშრუტო ტაქსები მოძრაობენ.

„მინდა ჩემს მოადგილეს, მაია ბითაძეს დავავალო, რომ რაც შეიძლება სწრაფად წარმოდგენილი იყოს სრულყოფილი გეგმა, წერტილები, თუ საიდან უნდა მოხდეს ავტობუსების გასვლა რუსთავის მიმართულებით და პირიქით.

დედაქალაქის მერია აიღებს ამ პასუხისმგებლობას, თბილისი- რუსთავის მიმართულებით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპროტი, განახლებული ახალი ავტობუსები“, – განმარტავს კალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი