ახალი ამბები

სააკაშვილის საკითხის ჩვენთან არგავლა იყო არადიპლომატიური – ზურაბიშვილი უკრაინაზე

19 მაისი, 2020 • 1627
სააკაშვილის საკითხის ჩვენთან არგავლა იყო არადიპლომატიური – ზურაბიშვილი უკრაინაზე

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით,  უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების საქართველოსთვის წინასწარ არმიწოდება იყო უკრაინის მხრიდან არადიპლომატიური ნაბიჯი. ამის შესახებ ზურაბიშვილმა “რუსთავი 2-ის” ეთერში ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა ზურაბიშვილისთვის სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა პრეზიდენტის უკრაინაში ვიზიტის შემაფერხებელი ფაქტორი და რამდენად სწორია ამ დანიშვნის გამო სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაფუჭება, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ კითხვა პირიქით არის დასასმელი – ანუ რამდენად სწორი იყო უკრაინის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, სულ მცირე, საქართველოს არგაფრთხილება:

“მე მგონი, რომ პირიქით არის კითხვა დასასმელი – რამდენად სწორია იმ ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის, რომელიც არის ჩვენი საუკუნოვანი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი, რომელთანაც გვაქვს ამდენი საერთო საკითხები გადასაწყვეტი. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვართ ის ორი ასოცირებული წევრი, რომელსაც ევროკავშირში შესვლის რეალური შანსი აქვს და ამ დროს ასეთი ახლობელი არ გაფრთხილებს, არ გეუბნება, რომ მე ამ ნაბიჯს გადავდგამ და, ბოლოს და ბოლოს, ეს ამ ქვეყნის [საქართველოს] ყოფილი პრეზიდენტია, ვიღაც ხომ არ არის. გაფრთხილება და ინფორმირება, როგორც მინიმუმი, არის ორ ამ ტიპის ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი განმარტებით, დიპლომატიური თვალსაზრისით, საქართველოს რეაქცია იყო ბუნებრივი და ნორმალური, მათ შორის, საქართველოს ელჩის სამშობლოში გამოძახებაც:

“ჩვენი რეაქცია იყო სრულიად ნორმალური, ახლა მე დიპლომატიური ენა ვიცი, რა შეიძლება და რა არ შეიძლება და ეს იყო სრულიად ნორმალური, მოზომილი რეაქცია, რაც უნდა ყოფილიყო ამ შემთხვევაში. ეს არ არის ურთიერთობის გაწყვეტა. ელჩის გამოძახება კონსულტაციებისთვის სრულიად ნორმალურია იმიტომ, რომ ელჩი უნდა იყოს ის, ვინც ამ საკითხებზე გაფრთხილებს და გაძლევს საშუალებას განსაზღვრო, აწი რა კუთხით და როგორ ვიმოქმედოთ. აქ არაფერი უცნაური არ არის.

დაველოდოთ მომავალს, რამდენად შევძლებთ და შეძლებს უკრაინის ხელისუფლებაც, რომ ჩვენთან ჰქონდეს ის ნორმალური ურთიერთობები, რომელიც გვჭირდება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მისი და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის საერთო ვიზიტი ბრიუსლეში გაიმართება, რადგან საქართველოს არავითარი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომელიც უკრაინის მხრიდან შესაძლოა აღქმული ყოფილიყო როგორც შეურაცხყოფა. მისი განმარტებით, ბოლო დაგეგმილი ვიზიტი კორონავირუსის გამო გადაიდო.

“მჯერა, ის შეძლებს მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელოს” – ზელენსკი სააკაშვილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი