ახალი ამბები

საქართველო და უკრაინა ფრენების აღდგენას განიხილავენ

19 მაისი, 2020 • 1378
საქართველო და უკრაინა ფრენების აღდგენას განიხილავენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრ ვლადისლავ კრიკლისთან საქართველოსა და უკრაინას შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი კანიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოაქვეყნა როგორც ქართულმა, ასევე უკრაინულმა მხარემაც.

ქართული მხარის ცნობით, ონლაინ-შეხვედრაზე თურნავამ კრიკლისთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილა უსაფრთხოებისა და სანიტარული ზომების დაცვით, რათა ორ ქვეყანას შორის „მწვანე კორიდორი“ შეიქმნას.

უკრაინული სამინისტროს განცხადების თანახმად კი, უკრაინულმა ავიაკომპანიებმა უკვე აცნობეს საქართველოს ფრენების გაგრძელების მზადყოფნის შესახებ. ასევე, როგორც უკრაინული მხარე იუწყება, თურნავამ და კრიკლიმ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებიც განიხილეს.


ფრენები საქართველოსა და უკრაინას შორის შეწყდა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე. საქართველოში ამჟამად მხოლოდ სპეცრეისები ხორციელდება, რომელთა ფარგლებშიც უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში აბრუნებენ.

რაც შეეხება კორონავირუსს, უკრაინაში 19 მაისისთვის დაფიქსირდა 18 876 შემთხვევა, აქედან 548 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 5632 გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 702-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 456 ადამიანი, გარდაიცვალა 12.

მასალების გადაბეჭდვის წესი