ახალი ამბები

კორონავირუსის ვაქცინამ ცდების პირველ ეტაპზე იმედისმომცემი შედეგი აჩვენა – Moderna

19 მაისი, 2020 • 1304
კორონავირუსის ვაქცინამ ცდების პირველ ეტაპზე იმედისმომცემი შედეგი აჩვენა – Moderna

ახალი კორონავირუსის ვაქცინა, რომელიც პირველად გამოსცადეს ადამიანებზე, უსაფრთხოა და ამ ეტაპზე მოახერხა იმუნური სისტემის სტიმულირება ინფექციის წინააღმდეგ, აცხადებს მისი შემქმნელი კომპანია Moderna. ინფორმაციას ამის შესახებ The New York Times ავრცელებს.

ეს დასკვნა გაკეთდა პირველი ტესტირების შედეგად, რომელშიც მონაწილეობა რვა მოხალისემ მიიღო — მათ ექსპერიმენტული ვაქცინის ორი დოზა მიიღეს. იმის დასადგენად, რეალურად იმუშავებს თუ არა ვაქცინა, ახალ კვლევებში უკვე ასობით, შემდეგ კი ათასობით ადამიანის მონაწილეობა იქნება საჭირო.

როგორც The New York Times წერს, Moderna- ვაქცინის შექმნაში იყენებს გენეტიკურ სტრუქტურას, რომელიც სწრაფად ადაპტირდება ახალ ვირუსულ საფრთხესთან.

კომპანიის განცხადებით, ვაქცინის შექმნაზე დაჩქარებული განრიგით მუშაობენ და მეორე ფაზის დაწყებას, რომელშიც 600 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, მალე აპირებენ, ივლისში კი უკვე მესამე ფაზა უნდა დაიწყოს, რომლის მონაწილეც ათასობით ჯანმრთელი ადამიანი გახდება.

კომპანიის მთავარი სამედიცინო ოფიცრის, ტალ ზაკსის განცხადებით, ამ ტესტირების წარმატების შემთხვევაშიც ვაქცინის გარკვეული დოზები წლის ბოლოსთვის ან 2021 წლის დასაწყისისთვის იქნება მზად. „ყველანაირად ვცდილობთ, რომ მილიონობით [ვაქცინა] რაც შეიძლება მალე შევქმნათ“, — აღნიშნავს იგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი