ახალი ამბები

რა თანხმლები დაავადებები ჰქონდათ კორონავირუსით ინფიცირებულებს საქართველოში – კვლევა

19 მაისი, 2020 • 1062
რა თანხმლები დაავადებები ჰქონდათ კორონავირუსით ინფიცირებულებს საქართველოში – კვლევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, კორონავირუსის მიმდინარეობისას თანმხლებ დაავადებებს შორის ყველაზე ხშირი იყო ჰიპერტენზია (10%), დიაბეტი (4%) და თირკმლის დაავადება (2%). ქალებში, ზოგადად, თანხმლები დაავადება უფრო ხშირი იყო, კაცებთან შედარებით. აღნიშნული მონაცემები 26 თებერვლიდან 11 მაისამდე პერიოდს მოიცავს და ასახულია კვლევაში, “საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობა”, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

ადამიანთა რაოდენობის მიხედვით, სტაციონარში მოთავსებამდე თანმხლები დაავადებების მონაცემები შემდეგნაირად ნაწილდება: ჰიპერტენზია დაუდასტურდა 48 ადამიანს, დიაბეტი- 20-ს, თირკმლის დაავადება- 10-ს, ფილტვის ქრონიკული დაავადება- 8-ს, ასევე 8 ადამიანს ჰქონდა ქრონიკული ნევროლოგიური დაავადება, კიბოს დიაგნოზი ჰქონდა 4 ადამიანს, ღვიძლის დაავადება კი- 2-ს.

ფოტო: NCDC

კვლევის ჩასატარებლად ავტორებმა გააანალიზეს სტაციონარიდან გაწერილი 168 ადამიანის მონაცემები, რომელთაგანაც თანმხლები დაავადებები სულ 17-ს ჰქონდა. აქედან 7-ს ჰქონდა ჰიპერტენზია, დიაბეტი ჰქონდა 1 პაციენტს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები- 4-ს, ქრონიკული რესპირაციული დაავადება- 1-ს, ავთვისებიანი სიმსივნე- 3-ს, ვირუსული ჰეპატიტი კი- 1 მათგანს.

ფოტო: NCDC

კვლევის მიხედვით, სტაციონარიდან გაწერილი 168 ადამიანიდან რეგისტრირებულია გამოჯანმრთელების 162 შემთხვევა, 6 შემთხვევა კი დასრულდა ლეტალურად [ლეტალობის მაჩვენებელი – 3.6%]. გარდაცვლილთა შორის უმეტესობა 70 და უფროს ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება.

11 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში სულ გარდაცვლილი იყო 10 ადამიანი. COVID-19-ით გარდაცვლილთა შორის თანმხლები დაავადებებიდან ყველაზე ხშირი სისხლის მიმოქცევის სისტემის დარღვევები იყო, რომელიც საერთო რაოდენობის 77%-ს შეადგენდა.

ფოტო: NCDC

19 მაისის 14:30 საათის მონაცემებით, საქართველოში სულ დადასტურდა 702 შემთხვევა, მათ შორი, გამოჯანმრთელდა 456 და გარდაიცვალა 12 პაციენტი.

დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის თანახმად, ამ ტიპის ანალიზი პანდემიის პერიოდში თვეში ერთხელ რეგულარულად განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი