ახალი ამბები

ტესტირების მომენტში პაციენტების 16.6%-თან კორონავირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდა – NCDC

19 მაისი, 2020 • 983
ტესტირების მომენტში პაციენტების 16.6%-თან კორონავირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდა – NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემების მიხედვით, 26 თებერვლიდან 10 მაისის ჩათვლით გამოკვლეულ პაციენტთა 16.6%-ის შემთხვევაში, ტესტირების მომენტში კორონავირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდა. ამის შესახებ საუბარია დღეს, 19 მაისს, გამოქვეყნებულ კვლევაში “საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობა”.

დოკუმენტში განმარტებულია, რომ ასიმპტომურად ითვლებიან პაციენტები, რომლებსაც ტესტირების მომენტში არავითარი სიმპტომი არ აღენიშნებათ, თუმცა შესაძლებელია დაავადების განვითარებასთან ერთად სიმპტომები მოგვიანებით გამოუვლინდეთ. საქართველოში ასიმპტომური პაციენტების რაოდენობა კი, 26 თებერვლიდან 10 მაისის ჩათვლით, არის 83.

კვლევის მიხედვით, სიმპტომებიდან ყველაზე ხშირად ამ პერიოდის განმავლობაში ვლინდებოდა ცხელება, რომელიც დადასტურებული შემთხვევების მქონე ადამიანების 82.4%-ს გამოუვლინდა. გარდა ამისა, გამოკვლეული პაციენტების თითქმის ნახევარს სიმპტომის სახით ზოგადი სისუსტე აღენიშნებოდა. პაციენტების 38.3%-თან კი კორონავირუსის სიმპტომად გამოვლინდა ხველა. ერთზე მეტი სიმპტომი კი აღინიშნა პაციენტების 57.6%-ში [288 შემთხვევა].

ფოტო: NCDC

კვლევის თანახმად, ზემოთ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში საქართველოში სულ 30 891 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება. აქედან კორონავირუსი დაუდასტურდა გამოკვლეულთა 2%-ს, ანუ 11 მაისის მდგომარეობით- 628 ადამიანს. ტესტირებების ჯამური რაოდენობა კი 32 283-ის ტოლია, მათ შორის, განმეორებით ჩატარდა 1 392 ტესტირება. ტესტირებების ჯამური მონაცემები მოიცავს პერიოდს 30 იანვრიდან 10 მაისის ჩათვლით.

ფოტო: NCDC

კვლევის მიხედვით, COVID-19-ის ახალი შემთხვევების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე, ექსპოზიციის ადგილის მიხედვით, ყველაზე მაღალია ქვემო ქართლის რეგიონში, ყველაზე დაბალი – შიდა ქართლსა და იმერეთში. თბილისის, აჭარის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონები შუალედურ პოზიციას იკავებენ. საქართველოს დანარჩენ რეგიონებში დაავადების შემთხვევები არ დაფიქსირდა. იმპორტირებული შემთხვევების რაოდენობა კი 95-ს შეადგენს.

დადასტურებული შემთხვევები ასაკობრივად ასე ნაწილდება: ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, საერთო დადასტურებული შემთხვევების 64%-ში 30-დან 69 წლამდე ასაკის ადამიანები არიან. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ამ მხრივ კი 15-დან 19 წლამდე ასაკის პირებს შორისაა და მათი ჯამური რაოდენობა მთლიანი რაოდენობის 5%-ს შეადგენს. 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს შორის კი ეს მაჩვენებელი 8%-ის ტოლია.

ფოტო: NCDC

რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს, 11 მაისის მდგომარეობით, ქვეყანაში სულ გარდავლილი იყო 10 ადამიანი, აქედან 5 მოხუცი, რომელთა ასაკი 79 წელს ცდებოდა, 2 ადამიანი 70 წელსა და 79 წელს შორის იყო, ხოლო 3 მათგანი -70 წლამდე.

ფოტო: NCDC

19 მაისის მონაცემებით, საქართველოში სულ დადასტურდა 702 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 456 და გარდაიცვალა 12 პაციენტი.

დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის თანახმად, ამ ტიპის ანალიზი პანდემიის პერიოდში თვეში ერთხელ რეგულარულად განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი