ახალი ამბები

საქართველოს და 5 ქვეყნის ერთობლივი განცხადება ყირიმელი თათრების დეპორტაციაზე

18 მაისი, 2020 • 2278
საქართველოს და 5 ქვეყნის ერთობლივი განცხადება ყირიმელი თათრების დეპორტაციაზე

საქართველოს, უკრაინის, პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროები ყირიმელი თათრების დეპორტაციასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ, რომელშიც გმობენ საბჭოთა ხელისუფლების მიერ ყირიმელი თათრების დეპორტაციას და რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ოკუპაციას.

„76 წლის წინ საბჭოთა რეჟიმმა დანაშაულებრივად მოახდინა ყირიმელი თათრების დეპორტაცია მათი ბინადრობის ისტორიული ადგილიდან, ყირიმიდან, უზბეკეთის, ყაზახეთისა და რუსეთის ფედერაციის შორ ტერიტორიებზე.

გადასახლების მხოლოდ პირველ წლებში დეპორტირებული ყირიმელი თათრების თითქმის ნახევარი გარდაიცვალა. სამშობლოში — ყირიმში დაბრუნებაზე აკრძალვა 1989 წლამდე გრძელდებოდა და თან ერთვოდა მიზნობრივი ლინგვისტური და კულტურული ასიმილაცია.

ყირიმელი თათრების ტრაგედია 2014 წელს განმეორდა, როცა რუსეთის ფედერაციამ დაიპყრო და სცადა, მოეხდინა ყირიმის — უკრაინის განუყოფელი ნაწილის არალეგალური ანექსია.

არაა დამთხვევა, რომ რუსეთი, რომელიც ადიდებს სტალინის ტოტალიტარულ რეჟიმს, აგრძელებს მის დანაშაულებრივ პოლიტიკას 21-ე საუკუნეშიც, დროებით ოკუპირებულ ყირიმში: ყირიმელი თათრების მეჯლისის აკრძალვა, სისტემური რეპრესიები, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობაზე მიტანილი რუსული შეიარაღებული აგრესიის წინააღმდეგ განწყობილი ყირიმელი თათრების დევნა და უფლებების დარღვევა. ამან აიძულა ათასობით ყირიმელ თათარს — ყირიმის ადგილობრივი მოსახლეობას, დაეტოვებინა თავისი სახლი და უკრაინის კონტინენტალურ ნაწილზე გადასულიყო საცხოვრებლად.

პატივს მივაგებთ სტალინის მიერ ყირიმელი თათრების დეპორტაციის არაერთი უდანაშაულო მსხვერპლის ხსოვნას.

ვუცხადებთ მხარდაჭერას ყირიმელ თათრებს თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლაში.

აღვნიშნავთ, რომ უკრაინის პოლიტიკური დამოუკიდებლობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მისი ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია.

ვგმობთ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას უკრაინის მიმართ და ახალ რეპრესიებს ყირიმელი თათრების წინააღდეგ.

მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა, მოახდინოს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის (ყირიმსა და სევასტოპოლში ადამიანის უფლებების სიტუაციაზე) სრული იმპლემენტაცია და დაემორჩილოს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნებს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და სევასტოპოლის დეოკუპაციასთან დაკავშირებით.

რანაირადაც არ უნდა სცადოს რუსეთმა ოკუპაციის ლეგიტიმიზაცია, ფაქტი ფაქტად რჩება: ყირიმი უკრაინაა“, — ნათქვამია განცხადებაში.


გარეკანის ფოტოზე: ყირიმელი თათრების დეპორტაციის წლისთავის დროს სამგლოვიარო ცერემონიალი კიევში, 2015 წელს. ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი