ახალი ამბები

ენმ სესხზე შენატანების კიდევ სამი თვით გადავადებას მოითხოვს

18 მაისი, 2020 • 1379
ენმ სესხზე შენატანების კიდევ სამი თვით გადავადებას მოითხოვს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საბანკო სესხებზე ყოველთვიური შენატანების კიდევ სამი თვით გადავადებას ითხოვს. როგორც დღეს, 18 მაისს, გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, მარტში გამოცხადებული სამთვიანი შეღავათი უკვე სრულდება და მოქალაქეების უმრავლესობას, გაჩერებული ეკონომიკის გამო, გადახდის საშუალება არ აქვს. აქედან გამომდინარე, საბანკო კრედიტებზე ყოველთვიური შენატანის კიდევ სამი თვით გადავადებას ითხოვენ.

“სამი თვე იწურება, ძვირფასო ბიძინა ივანიშვილო, ძვირფასო მილიარდერო, ოლოგარქო… სამი თვე იწურება ივნისის დასაწყისში! ანუ მოქალაქეებს ექნებათ ვალდებულება, გადაიხადონ პროცენტი, რომლის გადახდისგან თქვენ კი არ გაათავისუფლეთ, არამედ ივნისიდან უფრო მეტის გადახდა მოუწევთ. ჩნდება კითხვა: სამუშაო ადგილები აღადგინეთ?! მომსახურეობის სექტორი ყვავის?! ეკონომიკა ნელ-ნელა მუშავდება? არა, ყველაფერი გაჩერებულია, როგორც არასდროს.

ამიტომ ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, უნდა გადავადდეს კიდევ სამი თვით საკრედიტო შენატანების პერიოდი. ხაზს ვუსვამ, საკრედიტო შენატანების პერიოდი. ანუ ხალხს არ უნდა შევატანინოთ მთლიანი თანხა, როგორც ძირი, ასევე პროცენტი”, – ამბობს მელია.

მიმდინარე წლის მარტში საქართველოს რამდენიმე კომერციულმა ბანკმა კორონავირუსის გავრცელების გამო მომხმარებლებს სესხების გადავადება შესთავაზა. ეს გულისხმობს იმას, რომ მომხმარებლებს – როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს – სურვილის შემთხვევაში, მაისის ჩათვლით შეეძლოთ სესხზე არსებული ყოველთვიური გადასახადი გადაევადებინათ, რაც საბოლოოდ ზრდის როგორც სესხის ვადას, ასევე გადასახდელ თანხას.

მასალების გადაბეჭდვის წესი